ბიზნესმენ რუბენ ტატულიანს, რომელსაც, ასევე იცნობენ კრიმინალური ავტორიტეტის “რობსონის” სახელით, გაუუქმეს ე.წ. აფხაზური დიპლომატიური პასპორტი, ამის შესახებ РЕН ТВ-ის წყარომ აცნობა.
„რუბენ ტატულიანის დიპლომატიური პასპორტი ანულირებულია“, – ამბობს წყარო, არ ზუსტდება კონკრეტულად ვინ მიიღო ოკუპირებულ აფხაზეთში ეს გადაწყვეტილება.
მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, 2024 წლის ნოემბრის ბოლოს რუბენ ტატულიანს სისხლის სამართლის ბრალი წაუყენეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის შექმნის მუხლით. გამომძიებლის თქმით, მან ჯგუფი კრასნოდარის მხარეში 1998 წელს დააარსა.
ამასთან, ტატულიანი ბრალდებულია კიდევ ერთ სისხლის სამართლის საქმეში და მასზე გამოცხადებულია ძებნა.
2023 წლის სექტემბერში, სოჭში მის სახლში ჩხრეკა ჩატარდა, სავაჭრო ცენტრებისა და საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობის დროს თაღლითობის საქმის გამოძიების ფარგლებში.
2022 წელს რადიო თავისუფლების პროგრამა „ეხო კავკაზასთვის“ მიცემულ ინტერვიუში აფხაზი ოპოზიციონერი, ადგურ არძინბა აცხადებდა, რომ 2020 წლის 1 დეკემბერს რუბენ ტატულიანმა „აფხაზური პასპორტი“ მიიღო, რასაც ოკუპირებული აფხაზეთში სკანდალი მოჰყვა. თავად ტატულიანმა მაშინ განაცხადა, რომ მისი დიდი ბაბუები, ბებიები და მშობლები აფხაზეთში დაიბადნენ და ცხოვრობდნენ და მისმა ნათესავებმა „მისი თავისუფლებისთვის სისხლი დაღვარეს“.
იმის შესახებ, რომ ასლან ბჟანიამ ტატულიანს „დიპლომატიური პასპორტი“ გადასცა აფხაზი ოპოზიციონერი აქტივისტი ჯანსუხ ადლეიბაც საუბრობდა.
2017 წელს ჩეხეთის რესპუბლიკაში რამდენიმე კრიმინალური ავტორიტეტი დააკავეს, მათ შორის იყო ბიზნესმენი რუბენ ტატულიანიც. დოკუმენტების შემოწმების შემდეგ მას არანაირი დარღვევა არ აღმოაჩნდა და გაათავისუფლეს. ჩეხეთის პოლიციამ შემდეგ აღნიშნა, რომ მას ასევე ჰქონდა სომხური დიპლომატიური პასპორტი, რაც სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც დაადასტურა. ერევანში განაცხადეს, რომ ტატულიანი იყო საგარეო საქმეთა მინისტრის უშტატო მრჩეველი.
2017 წლის ბოლოს აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ რუბენ ტატულიანი სანქცირებულთა სიაში შეიყვანა, ყოფილი საბჭოთა კავშირის რამდენიმე ცნობილ კრიმინალურ ავტორიტეტთან ერთად, „კანონიერი ქურდებისთვის“ მატერიალური მხარდაჭერის გაწევის ბრალდებით. მაშინ ტატულიანმა კრიმინალურ სამყაროსთან მისი კავშირების შესახებ ბრალდებებს ყალბი უწოდა.
2023 წლის მაისში ტატულიანს სანქციები დაუწესა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
