თუ განსაკუთრებით მნიშვნელოვან დავას აწარმოებ, მისი მოგების შანსი არ გაქვს – იურისტი სასამართლო სისტემაზე

“თუ სასამართლოში განსაკუთრებით მნიშვნელოვან დავას აწარმოებ, მსხვილ ფინანსებთან დაკავშირებით, ან სადმე პოლიტიკური ინტერესია, მისი მოგების შანსი არ გაქვს”, – ასე აფასებს იურისტი კახა კოჟორიძე, არსებულ სასამართლო სისტემას კომპანია “კოჟორიძე და იურისტების” დამფუძნებელი.
საკითხზე, რა სახის რეფორმები სჭირდება ქართულ სასამართლო სისტემას, კახა კოჟორიძე BMGTV-ის გადაცემა “წერტილის” ეთერში საუბრობს.
“ადვოკატისთვის ძალიან დიდი ბედნიერებაა, როდესაც სასამართლოში ყველაფერი წესრიგშია, რადგან როდესაც მიდიხარ სასამართლოში და ხვდები, რომ შენ გყავს მოსამართლე, რომელიც სამართლიანად და კომპეტენტურად გადაწყვეტს შენს დავას, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
ჩვენ არაერთი მასშტაბური თუ საშუალო სტატისტიკური დავა გვაქვს და ზოგადი სურათი შემდეგია – თუ შენ განსაკუთრებით მნიშვნელოვან დავას აწარმოებ, ფინანსებთან დაკავშირებით, ან თუ სადმე პოლიტიკური ინტერესია, შანსი არ გაქვს, რომ ის მოიგო. ღამეებიც რომ ათენო და დისერტაციები დაიცვა, აზრი არ აქვს. სხვა ჩვეულებრივი კატეგორიის საქმეებზე შესაძლებელია, ჩვენ არაერთხელ მიგვიღწევია წარმატებისთვის და კრიტიკასთან ერთად უნდა აღინიშნოს, როდესაც მოსამართლეები სწორ გადაწყვეტილებებს იღებენ, ამასაც უნდა გაესვას ხაზი”, – ამბობს კახა კოჟორიძე.
იურისტის შეფასებით, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სასამართლო სისტემისთვის საქმეთა რაოდენობა და მათი ნაკადის მართვაა.
“ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადასადგმელი, გასაზრდელია მოსამართლეთა რაოდენობა. არსებობს ევროპული სტანდარტი, რამდენი მოსამართლე უნდა იყოს ამათუ იმ რაოდენობის მოსახლეზე, ჩვენ ამ სტანდარტებს მნიშვნელოვნად ჩამოვრჩებით. საჭიროზე ნაკლები მოსამართლე გვყავს და თითოეულ მათგანს მეტი საქმის განხილვა უწევს, სადაც მოსამართლეს სიღრმეებში ჩასვლას ვერ მოსთხოვ, რთულია.
ამიტომ უნდა გავითვალისწინოთ, რომ მოსამართლეობა კატორღულ შრომას ნიშნავს, საქმეს ვერ აუდიან. აქ გამოსავალი არსებობს და ეს ნებისა და ფინანსების საკითხია. რომ დავითვალოთ, 100 მოსამართლით მეტი რომ გვყავდეს, რა დაუჯდებოდა ბიუჯეტს მათი აპარატის ხელფასები, ეს არაფერია იმასთან შედარებით, რა შედეგსაც მოიტანს მოსამართლეთა რაოდენობის ზრდა”, – აცხადებს კახა კოჟორიძე.
საქართველომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი ევროკომისიისგან 9 დათქმით მოიპოვა, რომელთაგანაც ერთ-ერთი ყოვლისმომცველი და ეფექტური სასამართლო რეფორმის დასრულება და განხორციელებაა.

ასევე დაგაინტერესებთ