აშშ-ს რესპუბლიკელი სენატორის, ჯონ კენედის თქმით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს ჰგონია, რომ “ამერიკა დაჩლუნგდა” და დონალდ ტრამპს “ყოველ ფეხის ნაბიჯზე დროს აკარგვინებს”. მანვე აღნიშნა, რომ პუტინმა ტრამპისთვის მიცემული პირობა დაარღვია, მისი ბოლო შეთავაზება კი “რეალურად არაფერია”.
ამის შესახებ კენედიმ Fox News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ილაპარაკა.
“პუტინმა დაარღვია ყველა პირობა, რომელიც პრეზიდენტ ტრამპთან დადო. მისი ბოლო შეთავაზება, რეალურად, არაფერია. უნდა, რომ მთელი ტერიტორია დაიტოვოს, რომელიც წაიღო. უნდა, რომ უკრაინას NATO-ში შესვლა აუკრძალოს და უნდა, რომ ამერიკა და ევროპა უკრაინას აღარ ეხმარებოდნენ.
ვფიქრობ, პუტინს ჰგონია, რომ ამერიკა დაჩლუნგდა. ვფიქრობ, ჰგონია, რომ ჩვენ მისი გვეშინია. პრეზიდენტ ტრამპს ყოველ ფეხის ნაბიჯზე დროს აკარგვინებს”. – თქვა კენედიმ.
კენედიმ აღნიშნა, რომ პუტინი ტრამპს უპატივცემულოდ მოექცა და მას უნდა აჩვენონ, რომ აშშ მზად არის, “ის და მისი ქვეყანა თევზების საკვებად” აქციოს. სენატორის თქმით, ამით ბირთვულ ომს არ გულისხმობს, არამედ სხვა ზომებს მოიაზრებს, მათ შორის, რუსული ნავთობის ყველა გაყიდვის შეჩერებას.
“ის უპატივცემულოდ მოეპყრო ჩვენს პრეზიდენტს. არ მგონია, რომ ეს გამოსწორდება, სანამ პუტინისთვის არ ვცხადყოფთ, რომ მზად ვართ, ის და მისი ქვეყანა თევზების საკვებად ვაქციოთ.
არ ვგულისხმობ ბირთვულ იარაღს ან ბირთვულ ომს. ნავთობით დავიწყებდი. […]
ევროპა და ამერიკა პრეზიდენტ ბაიდენის დროს შეთანხმდნენ, რომ რუსეთს თავისი ნავთობის გაყიდვა შეუძლია, თუკი ბარელზე 60 დოლარზე მეტს არ მიიღებენ. რუსეთს შემოსავლის მესამედი ნავთობიდან შესდის. ნავთობის ყველა გაყიდვა უნდა შევაჩეროთ.
რუსეთი უნდა დავაგდოთ და დავახრჩოთ. სხვა შემთხვევაში ისინი მაგიდასთან არ მოვლენ”. – თქვა კენედიმ.
რესპუბლიკელმა სენატორმა თქვა, რომ აშშ ახლა წინა პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მხრიდან დაშოშმინების პოლიტიკის გამო საფასურს იხდის.
“ვფიქრობ, ახლა ამერიკა პრეზიდენტ ბაიდენის დაშოშმინებისთვის საფასურს იხდის. ბაიდენის ხალხს სწამდა დიპლომატიის ყოველთვის უპირველეს ყოვლისა. რუსეთთან, ჩინეთთან და ირანთან დანით ჩხუბში ვართ და ბაიდენს მათთვის სოკრატეს ციტირება სურდა”. – თქვა კენედიმ.
გარდა ამისა, კენედის თქმით, ევროპამ თავისი თავდაცვისთვის “მეტი უნდა გააკეთოს” და ამერიკელი გადასახადის გადამხდელის გარეშე “პუტინი ახლა პარიზში იქნებოდა”. მანვე ხაზი გაუსვა, რომ პუტინისთვის ნათელი გზავნილის გაგზავნა მთავარი პრიორიტეტია.
“უკრაინაში შეთანხმება მსურს. ევროპასაც უნდა მოვთხოვოთ, რომ მეტი გააკეთონ. ევროპამ საკუთარი ხარჯების გადახდა უნდა დაიწყოს. ამერიკელი გადასახადის გადამხდელი რომ არ ყოფილიყო, პუტინი ახლა პარიზში იქნებოდა. ევროპამ მეტი უნდა გააკეთოს. თუმცა, რაც მთავარია, პუტინს უნდა გავაგებინოთ, რომ ჩვენი პრეზიდენტისთვის დროის დაკარგვისთვის საფასურის გადახდა მოუწევს”. – თქვა კენედიმ.