ბათუმში ახალი ბინების 40 %-ს უცხოელები ყიდულობენ, გაყიდვები 12%-ით გაიზარდა

2025 წლის მარტისთვის ბათუმში ახალაშენებული საცხოვრებელი ბინების საშუალო ფასი 4%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 1170 დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 22.5%-ით – კვ.მეტრზე 1149 აშშ დოლარამდე გაიზარდა.
გასული წლის მარტთან შედარებით 5.7%-ით გაიზარდა გაყიდვებიც. 12%-ით არის გაზრდილი ახალაშენებული ბინების გაყიდვები, ძველი ბინების შემთხვევაში კი 46.5%-იანი კლება დაფიქსირდა.
უძრავი ქონების ბაზრის მონაცემები საკონსულტაციო კომპანია „კოლერს ჯორჯიამ“ განაახლა. კომპანიის კვლევა საცხოვრებელი ბინებისა და აპარტამენტების იმ მონაცემებს აერთიანებს, რომლებიც საჯარო რეესტრში უკვე დაარეგისტრირეს.
წინა წელთან შედარებით ციფრები მზარდია, თუმცა მკვლევრების განმარტებით, ეს მონაცმები არ გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი უძრავი ქონების ბაზარზე ნეგატიურად არ ასახულა.
„კოლერს ჯორჯიას“ მონაცმებით, 2025 წლის მარტში ბათუმში საცხოვრებელი ბინების გაყიდვების რაოდენობა გასული წლის მარტთან შედარებით 5.7%-ით გაიზარდა და 1 233 ერთულია, ბაზრის ზომა კი 4.9%-ით 64 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.
„კოლიერსის“ კვლევისა და მონაცემთა სერვისების გუნდის ხელმძღვანელის, ლეო ჩიქავას შეფასებით, 2025 წლის მარტის შედეგი ბათუმში უძრავი ქონების გაყიდვები მეორე საუკეთესო შედეგია.
„ზოგადად ტენდენციას რომ შევხედოთ, ტრანზაქციების რაოდენობით მარტში წინა წელთან შედარებით 6 პროცენტიანი ზრდა ფიქსირდება. პირველ კვარტალში გვაქვს 5 პროცენტიანი ზრდა. 2024 წელს, წინა 2023 წელთან შედარებით იყო მნიშვნელოვანი შემცირება – 26 პროცენტი. 2025 წლის პირველი კვარტალი ბათუმში არ არის პიკური შედეგი, თუმცა არის მეორე საუკეთესო შედეგი. პიკური შედეგი 2023 წლის პირველ კვარტალში დაფიქსირდა ტრანზაქციების რაოდენობით.
თუ შევხედავთ ახალი პროექტების ფასებს, პირველ კვარტალში ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება და 8.5 პროცენტია, ეს არის იმაზე მაღალი მაჩვენებელი, ვიდრე შარშან – გასულ წელს იყო ხუთი პროცენტი. თუმცა პიკურ წელს, ანუ 2023 წელს რომ შევხედოთ, მაშინ იყო ყველაზე დიდი – 30 პროცენტიანი ზრდა. შეგვიძლია, ზოგადად ბაზრის ზომას შევხედოთ: პირველი კვარტალი იყო საკმაოდ სუსტი 2024- ში ბათუმში და იყო ბაზრის ზომის 19-პროცენტიანი შემცირება. ამ ფონზე, წელს 12 პროცენტიანი ზრდა არის შარშანდელთან შედარებით. 2023 წლის შემდეგ ჯერ კიდევ საუკეთესო წლად ითვლება“.
მიუხედავად ზემოთ მითითებული მონაცემებისა, რაც ძირითადად ზრდის ტენდენციებზე მიუთითებს, ვერ ვიტყვით, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესი უძრავი ქონების გაყიდვებსა ინვესტიციის შემოდინებაზე უარყოფითად არ აისახა.
„რთული სათქმელია, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესი არ ასახულა გაყიდვებზე ნეგატიურად: შემცირებულიყო მაჩვენებლები, ტრანზაქციები ან ფასები, მაგრამ სავარაუდოდ აისახა – უკეთესი შედეგი გვექნებოდა. არის ქალაქი, სადაც ტრანზაქციების 40 პროცენტს უცხოელები ყიდულობენ. სავარაუდოა, რაღაც ნაწილისთვის გაზრდილიყო რისკის აღქმა და, შესაბამისად, აღარ განეხორციელებინათ ტრანზაქციები“, – განმარტავს ლეო ჩიქავა.
განსხვავებული სურათია ძვირადღირებული პროექტების შემთხვევაში, ექსპერტების განმარტებით, განსაკუთრებით იმ პროექტებში, სადაც მშენებელმა კომპანიებმა მართვაში ბრენდების შემოყვანა შეძლეს.
ბათუმში მიმდინარე მაღალბიუჯეტიან პროექტებს შორის ერთ-ერთია „ალიანს ცენტროპოლისი“. კომპანიის ინფორმაციით, მისი საინვესტიციო ღირებულება 420 მილიონი დოლარია. პროექტი ბათუმის სანაპიროზე სამი თაუერის მშენებლობას ითვალისწიცინებს, რომელსაც ერთი საერთო შენობა გააერთიანებს. კომპანია ვებგვერდზე წერს, რომ ამ თაუერებში სასტუმრო „Hyatt Centric Boulevard Batumi“-ის საინვესტიციო აპარტამენტები, World Trade Centre-ი (WTC) და 24 მასშტაბური ინფრასტრუქტურულ სივრცე უნდა გაერთიანდეს.
მსგავს პროექტებში სასტუმრო აპარტამენტების ფასი გაცილებით მაღალია. ჩვენ რამდენიმე კომპანიას, მათ შორის „ალიანსს“ მივმართეთ, როგორც მომხმარებელმა. გაყიდვების მენეჯერებთან გასაუბრებით ირკვევა, რომ ბათუმის ცენტრალურ ნაწილში, ზღვასთან მსგავს პროექტებში 1 კვ.მეტრის ფასი 2500 დოლარიდან იწყება და იზრდება.
იგივე ტენდენციაა ქობულეთში, ურეკში, შეკვეთილში, ყველგან, სადაც ზღვაა.
მაგალითად: ბათუმში, ზღვასთან ახლოს „ალიანს ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მასშტაბურ პროექტში ერთი კვადრატული მეტრის ფასი 2800 დოლარიდან იწყება. ქალაქის ცენტრში, ბულვართან და ზღვის სანაპიროსთან ახლოს, კომპანია მშენებარე კომპლექსში აპარტამენტებს ყიდის. აქ ფასი სიმაღლის და ხედების მიხედვით იცვლება და 4800 დოლარამდე აღწევს.
კომპანია მრავალფუქციურ კომპლექსს აშენებს ქობულეთის სანაპიროზეც. ამ კომპლექსში 51-ე სართულზე, საიდანაც ქობულეთის სანაპირო გამოჩნდება ერთსაძინებლიანი აპარტამენტის [54.15 კვ.მ] ფასი 202 791 დოლარია. 25-ე სართულზე კი ერთსაძინებლიანი [64.75 კვ.მ] აპარტამენტი 121 082 დოლარი ღირს.
ფასები გაზრდილია ბათუმის არაცენტრალურ ნაწილშიც, მაგალითად გიორგი ბრწყივალეს ქუჩაზე, მშენებლობის საწყის ეტაპზე, 1 კვ.მეტრი საცხოვრებელი ბინის ფასი 800-1000 დოლარიდან იწყება.
წყარო: “ბათუმელები”