„დაღუპვამდე მეგობარს სთხოვა, ეს ჯვარი ჩემთვის გადმოეცა…“ – ინტერვიუ ქალთან, რომელიც, 20 წელია, მეტროში ხატავს
ზიზი, მეტროს მხატვარი – თავს ასე გვაცნობს. პროფესიით ფერმწერი, მხატვართა კავშირის წევრი, წარსულში მრავალი გამოფენის ავტორი, “ექსტრემალ” მხატვრად იქცა და აგერ უკვე 20 წელია, თბილისელებს თუ დედაქალაქის სტუმრებს მეტროში ეგებება და ხატავს.
ზიზი ზარიძემ, რომლის ბიძაც, ცნობილი მხატვარი, ლადო ზარიძე გახლავთ, ხატვა 5 წლიდან დაიწყო, როდესაც შვილის პრობლემების გამო ყველაფრის გაყიდვა მოუწია, მეტროში ხატვა დაიწყო, საბოლოოდ, ეს მის ძირითად შემოსავლის წყაროდ იქცა.
ზიზი ზარიძე: აბასთუმანში დავიბადე. შემდეგ თბილისში წამოვედი. შვილი და შვილიშვილი მყავს. საქმე, რასაც მე ვემსახურები, “ექსტრემალური” ხატვაა. გაჩერებიდან გაჩერებამდე 2 წუთია, 2 წუთში მე 3-4 სურათს ვასწრებ. თითქმის 45 წამში ერთ ნამუშევარს ვასრულებ.
61-ე სკოლა მაქვს დამთავრებული, არაჩვეულებრივი პედაგოგი და დირექტორი მყავდა, ლავრენტი ჩხარტიშვილი. კლასელებთან დღესაც მაქვს კონტაქტი.
როცა პრობლემები შემექმნა, ჩამოვედი მეტროში, მქონდა ფურცელი, ფანქარი და დავხატე ჩვეულებრივ, ვიღაც ადგა და გასამრჯელო მომცა… უკვე 20 წელია ვხატავ, ეს ჩემი ძირითადი შემოსავალია.
– თქვენი შვილი ან შვილიშვილიც ხომ არ ხატავს?
– ჩემი შვილიშვილი მეორე კლასშია. უყვარს ხატვა, მაგრამ ისეთი გატაცებული არ არის, როგორც მე.
– შევესწარი ფაქტს, როცა ნახატი არ გამოგართვეს. გწყინთ ხოლმე?
– იცით რა? ეს ჩემს წყენაზე არ არის დამოკიდებული. ეს მათზეა დამოკიდებული, ვისაც ვხატავ. მე გასამრჯელოს მისაღებად არ ვხატავ, არამედ, როცა ადამიანი მომეწონება. ერთ დღეს, ესკალატორზე გოგონა დავინახე, დიდი თვალებით, გავაჩერე, ვუთხარი, უნდა დაგხატო-მეთქი. დავხატე იმიტომ, რომ ძალიან მომეწონა.
– მეტროში რა დროს ატარებთ?
– სამ საათამდე ერთ-ერთ სუპერმარკეტში ვარ, იქაც ვხატავ, შუადღის 3 საათის შემდეგ, აქ მოვდივარ დაკეტვამდე. აქაურობა უფრო მიყვარს, მაქვს ჩემი სკამი, ყველა პატივს მცემს.
– ადამიანის აურას თუ გრძნობთ?
– ყველა ადამიანი ერთნაირი ვერ იქნება, ოჯახის წევრებიც კი განსხვავებულები არიან ერთმანეთისგან. ბევრი ადამიანი კეთილია, თქმა არ უნდათ. მე თანხას არასდროს ვუკონკრეტებ, ეს თავად იციან.
– განსაკუთრებული ისტორიები გაიხსენეთ…
– ყველა ნახატს თავისი ისტორია აქვს. ამ ჯვარსაც, რომელსაც მე ახლა ვატარებ (ფოტო ↓). ისტორიას, რომელსაც ახლა გიამბობთ, ის ადამიანიც ნახავს და გაიხსენებს: როდესაც მე ამ პიროვნებას ვხატავდი, მოვიდა და მითხრა, თქვენ გმირი ხართო. ვკითხე, ამას რატომ მეუბნებოდა… ჩეჩნეთში დიდი უბედურება მოხდა, ყველა დაიღუპა, მათ შორის ის ბიჭი შეყვარებულთან ერთად, რომელიც მე დავხატე. მისმა მეგობარმა მითხრა, დაღუპვამდე მთხოვა, რომ ეს ჯვარი თქვენთვის გადმომეცაო… 5 წელია, მიკეთია.
ერთხელ, ბიჭმა მითხრა, ჩემი ძმაკაცი დახატეთ შეყვარებულთან ერთადო, შემდეგ ის გოგონა ოჯახთან ერთად დაღუპულა, დარჩა სურათი… სურათი მესაფლავეს მიუტანეს, დღესაც საფლავის ქვაზეა…
ერთხელ ქალმა გამაჩერა, ადრე დედასთან ერთად დამხატეთ, დამეღუპაო… დაღუპვის წინ სურათი ცალკე გაადიდეს და ისე დაკრძალეს. ასეთი ბევრი ისტორია მაქვს…
ხატვა ჩვეულებრივი ამბავი არ არის და გეტყვით, რატომ… ის, რასაც შენ ემსახურები, უნდა ემსახურო ბოლომდე. დავხატე, მივაწოდე და წამოვედი, მე ასეთი არ ვარ. პიროვნებაზე, რომელიც მე დავხატე, უკვე პასუხს ვაგებ. როგორი, რანაირი, რატომ დავხატე. ყოველი მხატვარი, არა მარტო მე, არის ფსიქოლოგი.
როცა ერთხელ, ერთ ცნობილ მხატვარს ჰკითხეს, რა პრინციპით ხატავო, მოლბერტი გაშალა, ფუნჯები, ტილო გაამზადა და მორჩა, მეტი არაფერი უთხრა, დანარჩენი მე ვიციო.