რევაზ სოხაძე ინფრასტრუქტურის სამინისტროშიც იქნება ძალიან წარმატებული ხელმძღვანელი

დარწმუნებული ვარ, რევაზ სოხაძე ინფრასტრუქტურის სამინისტროშიც იქნება ძალიან წარმატებული ხელმძღვანელი და წარმატებით გააგრძელებს ყველა იმ საქმეს, რომელიც არის დაწყებული, წინ გვაქვს ძალიან დიდი ამოცანები, მნიშვნელოვანი პროექტები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ინფრასტრუქტურის სამინისტროში განაცხადა, სადაც ახლად დანიშნული მინისტრი თანამშრომლებს წარუდგინა.
მთავრობის მეთაურმა ყოფილ მინისტრ ირაკლი ქარსელაძეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა, ასევე ხაზი გაუსვა ქვეყნის განვითარებისთვის სამინისტროს თანამშრომლების საქმიანობის მნიშვნელობას.
„მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველა იმ საქმისთვის, რასაც აკეთებთ ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. სამინისტროს განსაკუთრებული მისია აქვს – ინფრასტუქტურის განვითარება, რაც ნიშნავს, ზოგადად, ქვეყნის თვისებრივად გარდაქმნას. ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, ძალიან ბევრი რამ შეიცვალა და ამაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ბატონ ირაკლი ქარსელაძეს, რომელსაც კიდევ ერთხელ მინდა დიდი მადლობა გადავუხადო“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრმა სამინისტროს თანამშრომლებს ახალი მინისტრი წარუდგინა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი რევაზ სოხაძის მაღალ კვალიფიკაციას.
„რევაზ სოხაძე ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრია უკვე მრავალი წლის განმავლობაში, 2017 წლის შემდეგ იყო საკრებულოს წევრი, ურბანული კომისიის ხელძღვანელი, შესაბამისად, უშუალო შეხება ჰქონდა იმ საკითხებთან, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული ამ სამინისტროს საქმიანობასთან.
გარდა ამისა, ბატონი რევაზი იყო სამგორის დეპუტატი და მიუხედავად იმისა, რომ მას არ ჰქონდა უშუალო აღმასრულებელი ბერკეტები, არ წარმოადგენდა აღმასრულებელ ხელისუფლებას, მისი ლიდერობით უამრავი რამ გაკეთდა სამგორის რაიონში, რაც არის ერთი კარგი მაგალითი, რომელიც წარმოაჩენს იმას, თუ როგორი ენთუზიაზმით ემსახურება ბატონი რევაზი მთელი ამ წლების განმავლობაში ქვეყანას და იმ საქმეს, რომელიც ჰქონდა ჩაბარებული. დარწმუნებული ვარ, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროშიც იქნება ძალიან წარმატებული ხელმძღვანელი და წარმატებით გააგრძელებს ყველა იმ საქმეს, რომელიც დაწყებულია. წინ გვაქვს ძალიან დიდი ამოცანები, მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც არის ბოლომდე მისაყვანი, დასაწყები და ამ საქმეს სჭირდება ძლიერი ხელმძღვანელი, პროფესიონალი, კეთილსინდისიერი ადამიანი და ზუსტად ამ თვისებებით გამოირჩევა ბატონი რევაზი. მინდა, მას წარმატებები ვუსურვო მინისტრის პოზიციაზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

სოფლის მეურნებაში ინვესტიციების მოცულობა დაახლოებით ათჯერ არის გაზრდილი ჩვენი ხელისუფლების პირობებში, რის შედეგადაც, ამ წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება გაორმაგებულია

გურამ მაჭარაშვილი ევროკავშირ-სომხეთის სამიტზე: ევროკავშირისთვის და ბევრი სხვა ქვეყნისთვის საქართველო არის შუა დერეფანში ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი და შესაბამისად, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფაქტორი იქნება გათვალისწინებული და რა თქმა უნდა, ამ თემაზე იქნება მსჯელობა