ნატო-ს გენერალური მდივნის ყოველწლიურ ანგარიშში აღარ არის ჩანაწერი, რომ საქართველო და უკრაინა ნატო-ს წევრები გახდებიან

მოკავშირეები პარტნიორ ქვეყნებთან აქტიურად თანამშრომლობენ, მათ შორის სა და საქართველოსთან ურთიერთობებისთვის ნატო-მ სპეციალური სტრუქტურები შექმნა, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის ყოველწლიურ ანგარიშშია ნათქვამი.
„ევროატლანტიკურ რეგიონში მოკავშირეები აქტიურად თანამშრომლობენ 16 პარტნიორ ქვეყანასთან როგორც ორმხრივად, ასევე ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭოსა და „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ პროგრამის მეშვეობით. აღნიშნულ პარტნიორებს შორის, ნატო-მ უკრაინასა და საქართველოსთან ურთიერთობებისთვის სპეციალური სტრუქტურები შექმნა”, – წერს ნატო-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე 2024 წლის ანგარიშში.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ სამხრეთ კავკასიაში ალიანსი ჩართულობას თბილისში მდებარე ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის მხარდაჭერით აგრძელებს.
“ასევე, ნატო-სა და საქართველოს შორის პრაქტიკული თანამშრომლობა გაგრძელდა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებასა და ალიანსთან თავსებადობის გაზრდას”, – აღნიშნულია ანგარიშში.
ამასთან, ნატო-ს გენერალური მდივნის 2024 წლის ანგარიშში აღარ არის ჩანაწერი, რომ საქართველო და უკრაინა ნატო-ს წევრები გახდებიან.
“ვილნიუსის სამიტის დეკლარაციაში მოკავშირეებმა განაცხადეს, რომ უკრაინის მომავალი ნატო-შია და ალიანსი მომავალი წევრობის გზაზე უკრაინას მხარს დაუჭერს. ვილნიუსის სამიტის დეკლარაციამ დაადასტურა, რომ მოკავშირეები საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მიმართ კვლავ ერთგულნი რჩებიან“, – აღნიშნული ჩანაწერი ნატო-ს გენერალური მდივნის 2023 წლის ყოველწლიურ ანგარიშში იყო დაფიქსირებული.

ასევე დაგაინტერესებთ