ცესკო-ს მიერ გავრცელებული განცხადება შეიცავს მთელ რიგ ფაქტობრივ უზუსტობასა და ტყუილს, რაც მიზნად ისახავს ქართული საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების განზრახ შეცდომაში შეყვანას , – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ადვოკატი, თორნიკე ართქმელაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, „ძლიერი საქართველო“ ყველაფერს გააკეთებს, „რათა 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების ტოტალურად გამყალბებელ დაწესებულებას არ მიეცეს საშუალება შეცდომაში შეიყვანოს ქართული საზოგადოება და საერთაშორისო პარტნიორები“.
„მსურს გამოვეხმაურო ცესკოს 2025 წლის 22 აპრილს გამოქვეყნებულ ღია წერილს, რომელშიც ჩვენი კოალიციის მიერ გადადგმული სამართლებრივი ნაბიჯებისა და მოტივაციის შესახებ გავრცელდა არასწორი ინფორმაცია. ამასთან, ცესკოს მიერ გავრცელებული განცხადება შეიცავს მთელ რიგ ფაქტობრივ უზუსტობასა და ტყუილს, რაც მიზნად ისახავს ქართული საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების განზრახ შეცდომაში შეყვანას.
საზოგადოებისათვის კარგადაა ცნობილი, რომ 2025 წლის 3 აპრილს ცესკო-მ მიიღო უკანონო დადგენილება, რომლის მიხედვითაც დამკვირვებლებს აეკრძალათ ამომრჩევლისათვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ჩვენების მოთხოვნა და მათ შორის, გამორთმევა. აგრეთვე, აეკრძალათ ამომრჩევლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის, ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატზე გამოტანილი ამომრჩევლის მონაცემების, ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატიდან ამობეჭდილი ამომრჩევლის ვერიფიკაციის დამადასტურებელი ქვითრისა და ამომრჩევლის მიერ საარჩევნო ბიულეტენზე გაკეთებული არჩევანის ფოტოგადაღება ან სხვაგვარი დამუშავება. ჩვენ, აღნიშნული დადგენილება, კანონით დადგენილი წესით გავასაჩივრეთ სასამართლოში.
ცესკოს მიერ 22 აპრილს გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საარჩევნო კოდექსის 41-ე მუხლი სრულად და ამომწურავად განსაზღვრავს, თუ რისი უფლება აქვს დამკვირვებელს, თუმცა, არაფერია ნათქვამი ამავე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომელშიც, აგრეთვე ამომწურავადაა განსაზღვრული თუ რისი უფლება არ აქვს დამკვირვებელს. ცესკოს კი არ ჰქონდა და არ აქვს უფლება დაადგინოს იმაზე მეტი შეზღუდვა, ვიდრე ეს დადგენილი აქვს კანონს. საინტერესოა, კომისია რატომ დუმს კანონის ამ ჩანაწერზე, თუ მიზანი საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანა არ არის, რთულად წარმოსადგენია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ არ იცოდეს კანონის ჩანაწერი.
ასევე, განცხადებაში ნათქვამია, რომ „ცესკომ მხოლოდ დააზუსტა კენჭისყრის პროცედურები” ხოლო მოგვიანებით კი ნათქვამია, რომ “ამის საჭიროება კი განპირობებული იყო გასულ არჩევნებზე დაფიქსირებული არაერთი ინციდენტით.” მსგავსი, ურთიერთგამომრიცხავი პოზიცია ცესკოს ჰქონდა საქმის სასამართლო განხილვის ეტაპზეც კი. ერთი მხრივ, კომისია ამბობდა, რომ ეს რეგულაციები ისედაც არსებობს და უბრალოდ გაბნეული იყო სხვადასხვა აქტებში, მეორეს მხრივ, თუ რეგულაცია ისედაც არსებობდა და აკრძალული იყო ფოტო-ვიდეო გადაღება, რატომ დადგა დამატებით ახალი დადგენილების მიღება საჭირო? პასუხი არის ის, რომ ცესკო და შესაბამისად „ქართული ოცნება“ შეაწუხა იმ ფაქტების დადოკუმენტირებამ, რომლებმაც ამხილეს 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების მიტაცებაში.
ცესკო კვლავ ტყუის, როდესაც საუბრობს, რომ “ლელო – ძლიერი საქართველოს” არც ერთი სამართლებრივი არგუმენტი არ წარმოუდგენია. მეტიც, თითქმის 2 საათიანი სასამართლო განხილვისას დეტალურად იქნა ახსნილი ის სქემა, რომელსაც აქტიურად იყენებდა მმართველი პარტია არჩევნების გაყალბებისათვის. მეტიც, ჩვენ ამ სქემაზე ვსაუბრობთ თითქმის 1 წელია, მაშინ, როდესაც ცესკომ უკანონო დადგენილებით შეცვალა წილისყრის პროცედურები. სწორედ იმ დროიდან, ჩვენ, დეტალურად ვაცნობდით საზოგადოებას ე. წ. კარუსელის სქემის შესახებ, რომელიც შეიმუშავა „ქართულმა ოცნებამ” ხოლო სამართლებრივად მისი უზრუნველყოფა თავის თავზე ცესკომ იკისრა. ის, რომ წილისყრის პროცედურების შეცვლა იყო უკანონო, დაადასტურა თავად ე. წ. პარლამენტმაც კი, რომელმაც ცვლილებები შეიტანა საარჩევნო კოდექსის 61-ე მუხლში. შესაბამისად, ჩვენი კოალიციის პოზიცია სრულად დასაბუთებული და თანმიმდევრულია.
აღსანიშნავია ცესკოს პოზიცია სარჩელთან დაკავშირებით, კერძოდ, განცხადებაში ნათქვამია, რომ „სარჩელის მიზანი არა საარჩევნო პროცესის “სამართლიანობაზე” ზრუნვა, არამედ ქვეყნის შიგნით და გარეთ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის და ზოგადად საარჩევნო პროცესის დისკრედიტაცია იყო”. ღრმად მწამს, რომ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მთავარი წყარო, სწორედ ცესკოა, რომელმაც 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩაატარა არჩევნები, რომელსაც არ სცნობს ჩვენი ქვეყნის პარტნიორები, ხოლო ქვეყანას კი მართავს არალეგიტიმური ხელისუფლება.
ცესკო ცდილობს ამოეფაროს პროკურატურის მიერ წარმოებულ ფსევდო გამოძიებას, რომლის მიზანიც იყო და არის არა ჭეშმარიტების დადგენა, არამედ ცესკოსათვის და მმართველი ძალისათვის ხელის დაფარება. კერძოდ, მას შემდეგ, რაც ჩვენ მივმართეთ საჩივრით ყველა საოლქო საარჩევნო კომისიას და მოვითხოვეთ გასაჯაროვება იმ ინფორმაციის, თუ სინამდვილეში ვინ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა, სწორედ ამის შემდეგ იწყებს პროკურატურა ე. წ. გამოძიებას და რატომღაც ითხოვს ცესკოსგან, რომ არავის გადაეცეს ის ინფორმაცია, თუ ვინ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა. საინტერესოა, რატომ დალუქა პროკურატურამ ზუსტად ის ინფორმაცია, რომელზეც ვამბობდით, რომ სწორედ იქ ინახება დანაშაულის უტყუარი მტკიცებულებები? ეს ყველაფერი კი გვაძლევს ერთადერთი ლოგიკური ვარაუდის შესაძლებლობას, პროკურატურა ცდილობს ხელი დააფაროს მმართველი პარტიის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული, ხოლო ცესკოს მიერ ტექნიკურად უზრუნველყოფილ გაყალბებას.
დასკვნის სახით, 22 აპრილის განცხადება, ცესკოს მიერ ტყუილის გავრცელების არც პირველი და სამწუხაროდ, ალბათ, არც უკანასკნელი შემთხვევაა. ჩვენის მხრივ, გავაკეთებთ ყველაფერს, რათა 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების ტოტალურად გამყალბებელ დაწესებულებას არ მივცეთ საშუალება შეცდომაში შეიყვანოს ქართული საზოგადოება და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები“, – ნათქვამია განცხადებაში.
