გიორგი გოჩოლეიშვიი დანიური „კოპენჰაგენის“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების მარჯვენა მცველია. 2021 წელს გოჩოლეიშვილი გუნდის ძირითადი შემადგენლობის მოთამაშედ ჩამოყალიბდა და „საბურთალოს“ საქართველოს თასის მოგებაში დაეხმარა, მისმა კლუბმა ფინალში 1–0 დაამარცხა წყალტუბოს „სამგურალი“.
2022 წლის ნოემბერში გოჩოლეიშვილმა უკრაინის პრემიერ-ლიგის გრანდ დონეცკის „შახტართან“ 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის ათვლაც 2023 წლის 1 იანვარს დაიწყო. მისი დებიუტი კლუბის რიგებში 2023 წლის 28 თებერვალს საფეხბურთო კლუბ „მინაის“ წინააღმდეგ შედგა.
გოჩოლეიშვილის დებიუტი 21 წლამდელთა ნაკრებში 2021 წლის მარტში, ბელარუსის წინააღმდეგ შეხვედრაში, რომელიც საქართველოს გამარჯვებით 4–1 დასრულდა. გოჩოლეიშვილმა 2021 წლის 16 ნოემბერს ინგლისთან გამართულ შეხვედრაში გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა. მოგვიანებით მისი გოლი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ 2021 წლის საუკეთესო გოლად დაასახელა.
გოჩოლეიშვილის დებიუტი ეროვნულ ნაკრებში 17 ნოემბერს მაროკოს წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ მატჩში შედგა.
გიორგი გოჩოლეიშვილის მეუღლე ანა ოქრუაშვილია. წყვილს ერთი შვილი, ალექსანდრე ჰყავს, რომელიც მარტში შეეძინა.
„წარმოუდგენლად ბედნიერი ვარ! ეს ჩემი პირველი შვილია და უბრალოდ, ვერ ვპოულობ სიტყვებს სიხარულის გამოსახატად,“ – წერდა გიორგი.
1 წლის წინ გიორგის შვილს ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს, ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ პატარა უკვე გამოჯანმრთელდა და მკურნალობის კურსს სახლში გააგრძელებს.
ამის შესახებ გიორგიმ სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება.
„სანდრო გამოჯანმრთელდა! ძალიან რთული დღეები გამოვიარეთ, მაგრამ ეს ყველაფერი უკვე უკან არის. მინდა გულით გითხრათ მადლობა ყველა ადამიანს, ვინც ამ გზაზე გვედგა გვერდში. თქვენმა სიტყვებმა, ყურადღებამ და მხარდაჭერამ ძალიან გამაძლიერა. მართლა ბევრს ნიშნავდა და გაგვიადვილა ის რთული გზა, რაც ერთად გავიარეთ. ყველაზე რთული ნაწილი უკვე დასრულებულია. ახლა იწყება რეაბილიტაცია — და ჩვენ ამ ნაწილსაც ერთად გავივლით, იმავე რწმენით და იმედით. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველაფრისთვის“, – წერს ქართველი ფეხბურთელი სოციალურ ქსელში.
