გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში, ერთი პირის განზრახ მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალდება წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ გურჯაანის მუნიციპალიტეტში მომხდარი დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 20 აპრილს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში, ბრალდებულმა შურისძიების მოტივით ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა დაზარალებულს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული საავადმყოფოში გარდაიცვალა.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ სროლის დროს ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო შემთხვევის ადგილზე მყოფმა კიდევ ორმა პირმა.
„ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის ჯანმრთელობას) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა ტარება) დაუსწრებლად წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.