გამოცემა „პუბლიკის“ ფოტოგრაფი დემონსტრანტის სასამართლო პროცესიდან გააძევეს

დღეს, 2024 წლის 24 აპრილს, დღის ორი საათისთვის მოსამართლემ საპროტესტო აქციაზე დაკავებული დემონსტრანტის ადმინისტრაციული საქმის სასამართლო სხდომიდან გააძევა ჟურნალისტი, გამოცემა „პუბლიკის“ ფოტორეპორტიორი მინდია გაბაძე.
მისი გაძევების გადაწყვეტილება მოსამართლე დავით თეთრაულმა მიიღო. თეთრაული 2024 წლის 1 ოქტომბრიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.
როგორც მინდია გაბაძე წერს, გაძევების მიზეზი შემდეგი იყო: „შეკითხვა დავუსვი, თუ რატომ არ მაძლევდა პროცესის გადაღების უფლებას“.
გაბაძის თქმით, მოსამართლე თეთრაულმა რამდენჯერმე განუმარტა, რომ „გონივრული ვადა“ – რაც სხდომამდე ერთ საათს გულისხმობს, – არ იყო დაცული ფოტოგადაღების შესახებ ჟურნალისტის განცხადების დაწერისას.
თუმცა საქმე ეხება ადმინისტრაციულ საქმეს, რომელიც მცირე ხნით ადრე დაინიშნა.
„რომ ვკითხე, რომ ადმინისტრაციულ საქმეებზე რანაირად იყო შესაძლებელი გონივრული ვადის დაცვა იმ შემთხვევაში, როდესაც პროცესის შესახებ გიორგი ჩხეიძის ადვოკატებმაც და ახლობლებმაც 30 წუთით ადრე გაიგეს სხდომის შესახებ, ბ-ნმა თეთრაულმა ჩემი გაძევების ბრძანება გასცა“, – წერს ჟურნალისტი.
იგი მანდატურებმა გააძევეს.
მინდია გაბაძის თქმით, ბოლო დღეებია, სისხლის სამართლის საქმეებზე ვერ ახერხებს ფოტოგადაღებას.
მინდია გაბაძე ფოტოგრაფია. პროევროპულ აქციებზე დაკავებული დემონსტრანტების სასამართლო პროცესებიდან გავრცელებული ფოტოები ძირითადად სწორედ მისი გადაღებულია.
სასამართლო სხდომაზე, რომელსაც ჟურნალისტი ესწრებოდა, განიხილავენ გიორგი ჩხეიძის ადმინისტრაციულ დაკავებას. გიორგი ჩხეიძე სისხლის სამართლის წესით დაკავებული გიორგი ოკმელაშვილის ცოლისძმაა.
ჩხეიძე 2 დღის წინ, 22 აპრილს,დააკავეს სასამართლოს წინ.
იმ დღეს სასამართლოში დაკითხეს პროევროპულ აქციებზე დაკავებული საბა სხვიტარიძის საქმის გამომძიებელი სალომე ედიშერაშვილი. იგი სასამართლოში მივიდა რამდენიმე პოლიციელის თანხლებით, რომლებიც ჟურნალისტებს ხელს უშლიდნენ, კითხვები დაესვათ გახმაურებული საქმის გამომძიებლისთვის.
დაკითხვის დასრულების შემდეგ საბა სხვიტარიძის ახლობლებმა და ნათესავებმა სალომე ედიშერაშვილს „სირცხვილის კორიდორი“ მოუწყვეს. ისმოდა შეძახილები: „მონა“, „სირცხვილი“, „არ დავივიწყებთ ცრუ მოწმეებს“.
გამომძიებლის ეზოში გასვლის შემდეგ, ხალხმა, რომელიც მას მონას ეძახდა, სასამართლოს შენობა დატოვა. ამ დროს სასამართლოს ეზოში ათობით პოლიციელი იყო მობილიზებული.
სწორედ ამ დროს დააკავეს გიორგი ჩხეიძე.
გამოცემა „პუბლიკის“ – რომელშიც მინდია გაბაძე მუშაობს, – გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ მაშინ, როცა ჩხეიძე მობილურით იღებდა გამომძიებლის „გაცილებას“, მასთან მოულოდნელად მივიდა რამდენიმე პოლიციელი, რომლებმაც ხელი ჩაავლეს. ის ძალის გამოყენებით ჩასვეს დაბურულმინებიან ავტომობილში, რომელსაც არ ჰქონდა წარწერა, რომ პოლიციას ეკუთვნოდა.
ფორუმი