ევროკავშირში ავტომობილების გაყიდვები წლის დასაწყისიდან თითქმის 16%-ით გაიზარდა

ევროკავშირში ავტომობილების გაყიდვები ზედიზედ მეთექვსმეტე თვეა იზრდება. ზრდა წლის დასაწყისიდან დღემდე თითქმის 16%-ს შეადგენს.
ევროკავშირის ავტომწარმოებელთა ასოციაციის (ACEA) ანგარიშის თანახმად, ევროკავშირში რეგისტრირებული ახალი სამგზავრო მანქანების რაოდენობა (მალტის გამოკლებით, რომლის სტატისტიკაც არ არის ხელმისაწვდომი) ნოემბერში იყო 885 581, გასული წლის იმავე თვეში კი 829 823.
ევროკავშირის უმსხვილეს ბაზრებს შორის გაყიდვების ზრდა დაფიქსირდა იტალიაში (+16,2%), საფრანგეთში (+14%) და ესპანეთში (+7%), ხოლო გერმანიაში 5,7%-ით შემცირდა. ევროპაში ახალი მანქანების რაოდენობა (ევროკავშირის ქვეყნები პლუს ისლანდია, ნორვეგია, შვეიცარია და დიდი ბრიტანეთი) გასულ თვეში გაიზარდა 6%-ით და 1,076 მლნ ერთეული შეადგინა, დიდ ბრიტანეთში, 9,5%-ით და 156,5 ათასი ავტომობილი გახდა.
Volkswagen ჯგუფის (მათ შორის Skoda, Audi, Seat, Porsche და ა.შ.) გაყიდვები გაიზარდა 11.4%-ით, Renault-ის 6.1%-ით, ხოლო Stellantis 7.3%-ით შემცირდა. გერმანიის ფუფუნების მანქანების მწარმოებელმა Bayerische Motoren Werke AG-მ გაყიდვები გაზარდა 15,4%-ით, ხოლო კონკურენტი Mercedes-Benz-ის გაყიდვები 2,2%-ით გაიზარდა.
სამხრეთ კორეული Hyundai Group-ის მანქანების გაყიდვები გაიზარდა 7.3%-ით, ხოლო იაპონური Toyota-ს გაყიდვები შემცირდა 8.8%-ით. ამერიკულმა Tesla-მ ევროკავშირში გაყიდა 31 394 ელექტრომობილი, რაც 44,8%-ით მეტია წინა წლის იმავე თვესთან შედარებით.
ნოემბერში ევროკავშირში სულ 144,378 ახალი ელექტრომობილი დარეგისტრირდა (ზრდა 16,4%), თერთმეტ თვეში კი 1,378 მილიონზე მეტი (ზრდა 48,2%).
ევროკავშირში ავტომობილების ჯამური გაყიდვები იანვარ-ნოემბერში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15,7%-ით გაიზარდა და 9,682 მლნ-ს მიაღწია, მთლიანად ევროპაში კი ზრდა 15,6% იყო და 11,8 მლნ ავტომობილი გაიყიდა.