პირველ მაისს საჯარო მოხელეების მხარდამჭერი მსვლელობა გაიმართება

პირველ მაისს 10 დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი და საზოგადოებრივი გაერთიანებები კოლმეურნეობის მოედნიდან მსვლელობას გამართავენ, რათა გამოხატონ პროტესტი საჯარო მოხელეების მიმართ რეპრესიებისა და ზოგადად ქვეყანაში არსებული უსამართლო სოციალური პოლიტიკის გამო.
ამის შესახებ საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის „კონსტიტუციის 78-ე მუხლის” თანათავმჯდომარემ, კახი სამხარაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, საჯარო სამსახურში მიმდინარე რეპრესიები კიდევ უფრო ფართოვდება და და მხოლოდ ერთი უწყებიდან — საჯარო რეესტრიდან უკვე 200-ზე მეტი საჯარო მოსამსახურე დაითხოვეს, მთელი საჯარო სექტორიდან კი — 800-ზე მეტი.
პროფკავშირის ცნობით, 16 აპრილს გამოცხადდა და ორ თვის განმავლობაში გაგრძელდება რეორგანიზაცია განათლების სამინისტროში, საიდანაც უკვე გაუშვეს რამდენიმე თანამშრომელი.
„არსებობს მოლოდინი, რომ რეორგანიზაციის პროცესი შეეხება განათლების სამინისტროს სისტემაში არსებულ სსიპ-ებსაც, მათ შორის სასწავლი დაწესებულებებს. ჩვენი ინფორმაციით, სუს-მა კიდევ უფრო აქტიურად დაიწყო ჩარევა განათლების სისტემაში და ცდილობს, წინასაარჩევნოდ ეს სივრცეც მოასუფთაოს“, — განაცხადა კახი სამხარაძემ.
თბილისის მერიის ყოფილმა თანამშრომლის, გიგა სოფრომაძის განცხადებით, საჯარო უწყებებიდან გათავისუფლებულ პირთა შორის არიან ისეთებიც, რომელთა მუშაობის სტაჟი 10, 15, 20 და ზოგიერთ შემთხვევაში 30 წელზე მეტია.
„ეს ადამიანები ჩართულნი იყვნენ ისეთ პროგრამებსა და პროექტებში, რომლებიც საქართველოში ევროკავშირისა და ნატოს სტანდარტების დანერგვასა და ამ ორგანიზაციებში საქართველოს გაწევრიანების ხელშეწყობისაკენ იყო მიმართული. ამ ადამიანების გათავისუფლება ცხადყოფს, რომ „ქართულ ოცნებას“ ომი აქვს გამოცხადებული დასავლური ორგანიზაციებისა და სტრუქტურებისთვის და ამ მიზნით სახელმწიფო უწყებებიდან იშორებს იმ ადამიანებს, რომელთა მუშაობის მიმართულება და პიროვნული მიზნებიც ევროპული, ცივილური გარემოს შექმნაა“, — განაცხადა სოფრომაძემ,
მისი თქმით, ინსტიტუციური მეხსიერების მქონე კადრების ჩანაცვლება ხდება მკაცრად შერჩეული, ახალგაზრდა, გამოცდილების არმქონე კადრებით, რომლებიც თავიანთი უფროსების უსიტყვო მორჩილები არიან, უფროსები კი, თავის მხრივ, უსიტყვოდ ემორჩილებიან პარტიულ მენეჯმენტს.
ევროინტეგრაციის შეჩერების შესახებ „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილების შემდეგ, არაერთი საჯარო მოსამსახურე გაემიჯნა ხელისუფლების პოზიციას, ბევრმა საჯარო მოსამსახურემ, როგორც ინდივიდუალურად, ისე კოლექტიურად, გაავრცელა განცხადება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის ერთგულებასთან დაკავშირებით.
ამის შემდეგ სახელმწიფო უწყებებიდან საჯარო მოხელეების გათავისუფლება დაიწყო. საჯარო სამსახურებიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებას აიოლებს „ქართული ოცნების” მიერ 2024 წლის ბოლოს, დაჩქარებული წესით, 2 დღეში დამტკიცებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც საჯარო სამსახურში რეორგანიზაციას ამარტივეს და რომელსაც, მიხეილ ყაველაშვილმა ინაუგურაციის დღესვე მოაწერა ხელი.

ასევე დაგაინტერესებთ

თედო აბრამოვის დედა – სისტემის ყველა პატიმარი დროულად გათავისუფლებულიყოს, ყველა დედას ვუსურვებ იმ აფექტში ყოფნას, რასაც მე განვიცდი, მალე ჩაეხუტებინოთ თავიანთი შვილები – ვუსურვებ მათ, სიმართლე აღდგეს