როცა ვსაუბრობთ „ოცნების“ მიერ ხელის ფათურზე, არ უნდა აღვიქვათ პირდაპირი მნიშვნელობით, რომ ვიღაც ადამიანი, „ოცნების“ ხელია ჩვენს პარტიაში. სხვა მექანიზმები და ბერკეტები აქვს სუს-ს. პარტიის შიგნით არაფერი ხდება. რომ ვიტყუებოდე, ხომ იხილავს საზოგადოება?! – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა, რითაც მიხეილ სააკაშვილის შემდეგ განცხადებას გამოეხმაურა: „ე.წ. ხელისუფლება ხელებს აფათურებს ჩემს პარტიაში – მას ძალიან უნდა პარტიის თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას ჩამოცილება, რომელიც მათ დიდ ზიანს აყენებს საერთაშორისო არენაზე“.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ მუდმივად არის ხოლმე „ოცნების“ სამიზნე.
„ნაციონალური მოძრაობა“ მუდმივად არის ხოლმე „ოცნების“ სამიზნე. ეს არის პროპაგანდისტული შეტევები, პირდაპირი შეტევები, აკრძალვის მცდელობა თუ ა.შ. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის წერილს, სადაც ის ამბობს, რომ „ოცნებას“ თინა ბოკუჩავას პარტიიდან ჩამოცილება სურს, დიახ, თინა ბოკუჩავა იყო წარმატებული საერთაშორისო ფრონტზე, გვახსოვს მისი ვიზიტი სტრასბურგში. ასევე, სხვა ვიზიტები, რომელმაც, პირველ რიგში, თუ ვინმე გააღიზიანა და გააბრაზა, სწორედ ივანიშვილი და მისი ბანდა იყო, ამ ვიზიტების წარმატებისა და ზოგადად, მისი მუშაობის წარმატების გამო საერთაშორისო ფრონტზე. მიხეილ სააკაშვილის წერილები ერთობლივად უნდა აღვიქვათ. ერთი კვირის წინ მიხეილ სააკაშვილი საუბრობდა პარტიაში მიმდინარე რეფორმების ხედვაზე, ამ პარტიის გაჯანსაღების, უფრო ღიაობისა და გამჭვირვალობის საკითხზე, ამასთან დაკავშირებით კონკრეტულ ინსტიტუციურ მექანიზმებზე, რომელიც უნდა დაინერგოს ჩვენი პარტიის შიგნით. მას მიუვიდა ინფორმაცია, რომ ამ ინსტიტუციური მექანიზმებისა და რეფორმების ფარგლებში, შეიძლებოდა ადგილი ჰქონოდა საკადრო გადაადგილების საკითხს, რაც მისთვის იყო მიუღებელი და ამიტომ გააკეთა ეს განცხადება.
პარტიის შიგნით არაფერი ხდება. რომ ვიტყუებოდე, ხომ იხილავს საზოგადოება?! დაპირისპირება, იმის ნიშნები, რომ არსებობს კონფრონტაცია ჯგუფებსა და მხარეებს შორის, ნამდვილად არაა. არც პოლიტსაბჭოს სხდომაზე მომხდარა ასეთი რამ, არც სხვა ფორმატში. როცა ვსაუბრობთ მიხეილ სააკაშვილის წერილზე, ეს უკავშირდება ერთ დიდ მოწოდებას. პირველ რიგში, ის საუბრობდა ინსტიტუციურ რეფორმებზე, პარტიის გაჯანსაღებაზე. როცა ვსაუბრობთ „ოცნების“ მიერ ხელის ფათურსა ან ჩარევაზე, სუს-ს აქვს ძალიან ბევრი ბერკეტი ამის გაკეთების. არ არის აუცილებელი პარტიის თუნდაც საჯარო პირებში იყოს ვინმე „ოცნებიდან“ მართული. სხვა მექანიზმები და ბერკეტები აქვს სუს-ს, რითაც შეიძლება გავლენა მოახდინოს პარტიაში მიმდინარე პროცესზე. როცა ვსაუბრობთ „ოცნების“ მიერ ხელის ფათურზე, არ უნდა აღვიქვათ პირდაპირ მნიშვნელობით, რომ ვიღაც ადამიანია – „ოცნების“ ხელია ჩვენს პარტიაში“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.
რაც შეეხება სხვა თემებს, მათ შორის აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების პირველ შეხვედრას, როგორც ფავლენიშვილმა განმარტა, გარკვეული ინსტიტუციური შეხვედრები იქნება, რადგან ქვეყანაში რეალური მმართველი არის „ქართული ოცნება“ და ეს შეხვედრები გარდაუვალია.
„ქვეყანას აქვს პოლიტიკური მდგომარეობა, როდესაც არსებობს დე-ფაქტო ხელისუფლება, რომელიც ადგილზე არის ძალის მქონე. იღებენ გადაწყვეტილებებს, მართავენ ქვეყანაში სხვადასხვა უწყებებს, რომელიც მიტაცებულია. როცა ვსაუბრობთ საერთაშორისო პარტნიორებზე, ეს არის ტერორიზმის საკითხები, ფინანსური, ვაჭრობის, ბევრი სხვა საკითხია, რომელზეც სხვა ადამიანებს ვერ გაესაუბრებიან. რეალურ მმართველობას ქვეყანაში ეს ხალხი ახორციელებს. ასე რომ, გარკვეული ინსტიტუციური შეხვედრები იქნება, ეს არის გარდაუვალი. საქართველოს მსოფლიოს რუკიდან ვერ გააქრობ, მიუხედავად იმისა, რომ დე-ფაქტო ხელისუფლება ჰყავს. მას აქვს ინსტიტუციური ურთიერთობები სხვადასხვა ქვეყნებთან და საერთაშორისო აქტორებთან. ამიტომ ასეთი შეხვედრები მოსალოდნელია. უბრალოდ, ამ შეხვედრების დროს რა იქნება განხილული, ეს არის მნიშვნელოვანი. თუ ამ შეხვედრების დროს იქნება განხილული ის, რომ ქვეყანაში რეალურად გადაწყდეს პრობლემა და რეალურად ვერ გადაწყდება პრობლემა თუ არ მოხდება პოლიტიკური ტყვეების გათავისუფლება და თავისუფალი არჩევნების დანიშვნა. თუ ეს საკითხი არ არის ხოლმე ამ შეხვედრებზე განხილული, ეს შეხვედრები იქნება ფუჭი. აუცილებელია კონკრეტულ ნაბიჯებზე საუბარი, რომელიც ამ ძირითად, მთავარ პრობლემას, პოლიტიკური ტყვეების პრობლემას და რეჟიმის ლეგიტიმაციის პრობლემას შეეხება. თუ ამაზე არ არის საუბარი, ვერანაირად იქნება აღქმული პოტენციურად წარმატებულად სხვადასხვა ტიპის თანამშრომლობები ნებისმიერ დასავლელ აქტორთან. თუ ქვეყანაში გაგრძელდა დიქტატურის კონსოლიდაცია და სამოქალაქო პოლიტიკური უფლებები აღარ იქნა, გაუქმდა არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიები და ამ შემთხვევაში ქვეყანა მმართველობის სტილითა და მოცემულობით განსხვავებულ ქვეყნებს დაემსგავსა, რომლებიც არ არიან აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორები, არც ყოფილან არასდროს რეგიონში დემოკრატიის შუქურები, რთული იქნება ვთქვათ, რომ ურთიერთობა მათ შორის აშშ-სთან იქნება წარმატებული“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.
