არჩილ გორდულაძე – „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ წინა დღეებში შეურაცხყოფებით იყო გამორჩეული ეუთო-ს გენერალური მდივნის მიმართ, ახლა პოზიცია შეცვალეს – მიიღეს დავალება, რომ ახლა არ ივარგებდა, თუ არ შეხვდებოდნენ

კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ წინა დღეებში პირდაპირ შეურაცხყოფებით იყო გამორჩეული [ეუთო-ს] გენერალური მდივნის მიმართ და ახლა ცდილობენ შეხვდნენ, პოზიცია შეცვალეს – ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ეს ადამიანები პირდაპირ დავალებების მიმცემებისგან იმართებიან, მიიღეს დავალება, რომ ახლა არ ივარგებდა თუ ეუთო-ს გენმდივანს არ შეხვდებოდნენ, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები “მოწადინებული არიან, რომ როგორმე საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს იმიჯი შელახონ და შემდეგ გაამართლონ თავიანთი “მესიჯი”, რომ საქართველო იზოლაციაშია”,
„მიიღეს დავალება, რომ ახლა არ ივარგებდა თუ ეუთო-ს გენმდივანს არ შეხვდებოდნენ და ახლა ამ დავალების შესასრულებლად ცდილობენ, რომ ასეთი შეხვედრა მოაწყონ. რეალურად, ამ ადამიანებს არაფერი ქართული არ სცხიათ. მათ არ აინტერესებთ, რა არის ჩვენი ქვეყნისთვის მთავარი და არ აინტერესებთ პარტნიორებთან ურთიერთობები. ეს ადამიანები, რეალურად, მხოლოდ და მხოლოდ მოწადინებული არიან, რომ როგორმე საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს იმიჯი შელახონ და შემდეგ გაამართლონ თავიანთი “მესიჯი”, რომ საქართველო იზოლაციაშია. როგორ შეიძლება საქართველო იზოლაციაში იყოს, როცა ეუთო-ს გენმდივანი ჩამოდის საქართველოში და ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდება?! ეს ყველაფერი რომ არ მოსწონთ, მაგიტომ იყვნენ ლანძღვით გამორჩეულები, ახლა მიიღეს დავალება, რომ არ ივარგებდა და უნდა შეხვედროდნენ საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელს და დავალების შესრულებას ცდილობენ”, – განაცხადა გორდულაძემ.
გორდულაძემ ასევე ისაუბრა „კოალიცია ცვლილებისთვის” განცხადებაზე, რომ ისინი ეუთო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრას არ აპირებენ და აღნიშნა, რომ ამის გამო „პატრონებთან პასუხს აგებენ“.
„შესაძლოა დავალებების მიმცემების მაღალმა „ლეველმა” არ მისცა მათ დავალება და როცა დაბალმა მისცა, მათ გაბედეს და მცირე ურჩობა გამოავლინეს, რაზეც, დარწმუნებული ვარ, პასუხს აგებენ პატრონებთან, ასეთია აგენტის ბედი, მან კითხვა არ უნდა დასვას – ის ასრულებს უსიტყვოდ დავალებებს“,- განაცხადა გორდულაძემ.
ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ეუთო-ს გენერალურ მდივანთან, ფერიდუნ სინირლიოღლუსთან შეხვედრა გამართეს.
კერძოდ, შეხვედრას ერთობლივად ესწრებოდნენ „ლელო-ძლიერი საქართველოსა“ და „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. რაც შეეხება პარტიას – „გახარია საქართველოსთვის“, არსებული ინფორმაციით, მისმა წარმომადგენლებმა ეუთო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრა მანამდე გამართეს.
ამასთან, ეუთო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრას არ აპირებენ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლები. ამის შესახებ მათ განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნავენ, რომ „რეჟიმის დამარცხებისთვისა და ქართველი ხალხის ისტორიული მიზნის მიღწევისთვის, სიცხადე და თანმიმდევრულობა მნიშვნელოვანია“.