ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ეუთო-ს გენერალურ მდივანთან, ფერიდუნ სინირლიოღლუსთან შეხვედრას მართავენ

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ეუთო-ს გენერალურ მდივანთან, ფერიდუნ სინირლიოღლუსთან შეხვედრას მართავენ.
შეხვედრას ესწრებიან „ლელო-ძლიერი საქართველოსა“ და კოალიცია „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები.
როგორც შეხვედრის დაწყების წინ, „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელმა, სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიციურ პარტიებს სურთ, ეუთო-ს გენერალურ მდივანს გააცნონ „სრული სურათი იმ უმძიმესი პოლიტიკური კრიზისის, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია შექმნილი“.
„რეალურად ამ ვიზიტის მიზანი ისაა, რომ უკეთესად გაერკვიოს ქვეყანაში შექმნილ ვითარებაში. ეუთო – ეს არის ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს ყველა წევრ სახელმწიფოსთან, მიუხედავად იმისა, ქვეყანას მოცემულ მომენტში, რა რეჟიმი მართავს. ცხადია, ჩვენ აქ იმისთვის მოვედით, რომ გავაცნოთ სრული სურათი იმ უმძიმესი პოლიტიკური კრიზისის, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია შექმნილი. ამასთან, ვესაუბროთ მას იმაზე, რა შეუძლია გააკეთოს ეუთომ იმისთვის, რომ საქართველოში შინაარსი და არსი დაუბრუნდეს დემოკრატიულ პროცესს, რომელიც დღეს წართმეული აქვს რუსული რეჟიმის მიერ“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
კოალიცია „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, გიგი წერეთლის თქმით, ეუთო-ს ძალიან მნიშვნელოვანი დღის წესრიგი აქვს საქართველოსთან დაკავშირებით.
„ეუთო-ს ძალიან მნიშვნელოვანი დღის წესრიგი აქვს საქართველოსთან დაკავშირებით. საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, აქვს ვალდებულებები, მათ შორის, უპირველესად, ეს არის თავისუფალი, სამართლიანი , ადამიანის უფლებები, დემოკრატია. ის, რაც დღეს საქართველოში ხდება, ბუნებრივია, ამ მიმართულებით აბსოლუტურად საწინააღმდეგოა ამ პრინციპებთან. ამაზე იქნება საუბარი“, – აღნიშნა გიგი წერეთელმა.
რაც შეეხება პარტიას – „გახარია საქართველოსთვის“, არსებული ინფორმაციით, მისმა წარმომადგენლებმა ეუთო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრა დღეს უკვე გამართეს.
ცნობისთვის, ეუთო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრას არ აპირებენ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლები. ამის შესახებ მათ განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნავენ, რომ „რეჟიმის დამარცხებისთვისა და ქართველი ხალხის ისტორიული მიზნის მიღწევისთვის, სიცხადე და თანმიმდევრულობა მნიშვნელოვანია“.