მსოფლიო ბანკის ეკონომიკური მიმოხილვის მიხედვით, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის განვითარებად ქვეყნებში სავარაუდოა ეკონომიკური ზრდის შენელება. განახლებული პროგნოზით, 2025-26 წლებში მოსალოდნელია 2.5%-იანი ზრდა სუსტი საგარეო მოთხოვნისა და რუსეთში ეკონომიკური ზრდის შენელების გამო.
მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ 2024 წელს ეკონომიკური ზრდა რეგიონის მასშტაბით 3.6%-იან მაჩვენებელზე დასტაბილურდა, რაც კერძო სამომხმარებლო ხარჯებმა, რეალური ხელფასების მნიშვნელოვანმა მატებამ, ფულადი გზავნილების მაღალმა მაჩვენებელმა და გაზრდილმა სამომხმარებლო სესხებმა განაპირობა. ყოველივე აღნიშნულმა დააკომპენსირა სუსტი საგარეო მოთხოვნა, რომელიც გამოწვეული იყო ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არსებული დაბალი ეკონომიკური ზრდით.
სურსათზე და სერვისებზე ფასების მნიშვნელოვან მატებას მაღალი ინფლაცია მოჰყვა, რომელიც 2024 წლის შუა პერიოდში არსებული 3.6%-დან 2025 წლის თებერვალში 5%-მდე გაიზარდა. ინფლაციის ბოლოდროინდელმა მატებამ რამდენიმე ცენტრალური ბანკი აიძულა გაეზარდა საპროცენტო განაკვეთები ან გადაედო პოლიტიკის შემდგომი შემსუბუქება.
,,მიუხედავად იმისა, რომ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებმა გასული წლის განმავლობაში მდგრადი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება შეძლეს, გლობალური გაურკვევლობა, გეოეკონომიკური ფრაგმენტაცია და ძირითად სავაჭრო პარტნიორებს შორის სუსტი ექსპანსია აღნიშნული ეკონომიკური ზრდის შემდგომ შენარჩუნებას ართულებს.” – აღნიშნა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ანტონელა ბასანიმ. მისივე თქმით: “გრძელვადიან პერიოდში გაცილებით უფრო მტკიცე ეკონომიკური ექსპანსიის მისაღწევად რეგიონის ქვეყნებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ადგილობრივი სტრუქტურული რეფორმების დაჩქარება, რომლებიც ხელს შეუწყობს დინამიურ და ინოვაციურ კერძო სექტორს, მეწარმეობასა და ტექნოლოგიების დანერგვას.”
ცენტრალური აზია მიმდინარე და მომავალ წელს სავარაუდოდ კვლავაც უსწრაფესად მზარდ რეგიონად დარჩება, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2025-26 წლებისთვის 4.7%-მდეა შემცირებული. ეს კლება განპირობებულია ყაზახეთის ნავთობის სექტორის შედარებით სუსტი ექსპანსიით, ისევე როგორც ექსპორტის დაღმავალი მაჩვენებლით და ფულადი გზავნილების შემომავალი ნაკადების ნორმალიზაციით.
სამხრეთ კავკასიაში ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი 2025-26 წლებში საშუალოდ 3.5% იქნება, რადგან სავაჭრო შუამავლობის, შრომითი რესურსებისა და კაპიტალის შემოდინების თანმდევი ეფექტები შემცირებას განაგრძობს.
მოსალოდნელია, რომ სავაჭრო პოლიტიკასთან დაკავშირებული გაურკვევლობა, გაზრდილი სავაჭრო ბარიერები და ევროზონის მიწოდების ჯაჭვების არაპირდაპირი ზემოქმედება შეასუსტებს ეკონომიკური ზრდის აღდგენას რეგიონის ნებისმიერ წერტილში. ეკონომიკური ზრდა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში 2025-26 წლებში სავარაუდოდ ზომიერი იქნება, 3.4%-ის დონეზე, ხოლო ცენტრალურ ევროპაში აღნიშნული მაჩვენებელი მხოლოდ უმნიშვნელოდ, 2.7%-მდე გაუმჯობესდება.
რუსეთში 2025-26 წლებში მოსალოდნელია ეკონომიკური ზრდის ვარდნა 1.3%-მდე. თურქეთში იმავე პერიოდში ზრდის მაჩვენებელი, პროგნოზის მიხედვით, უმნიშვნელოდ გაუმჯობესდება 3.3%-მდე, თუმცა, ის გრძელვადიანი ტენდენციის ქვევით შენარჩუნდება, გარე მოთხოვნის სისუსტის და ეკონომიკური რებალანსირების გაგრძელების ფონზე. ეკონომიკური ზრდა უკრაინაში 2025 წელს, სავარაუდოდ, 2%-მდე დაიკლებს.
