„გადახურების ფაზა შრომის ბაზარზე სრულდება, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ვაკანსიებისა და ხელფასების მაღალი მაჩვენებლით ზრდის ტენდენცია დასასრულს მიუახლოვდა“

„გადახურების ფაზა შრომის ბაზარზე სრულდება, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ვაკანსიებისა და ხელფასების მაღალი მაჩვენებლით ზრდის ტენდენცია დასასრულს მიუახლოვდა“
ბიზნესი ახალ კადრებს სულ უფრო ნაკლებად ეძებს. ამის მიზეზი დიდწილად სექტორში არსებული მდგომარეობაა, რაც ბოლო პერიოდში განვითარებულ პროცესებს უკავშირდება. როგორც დარგში აცხადებენ, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესს უჭირს. დამსაქმებლების ნაწილი ან ემიგრაციაში წავიდა, ან გრძელვადიანი პროექტები შეაჩერა. ერთ-ერთი ვერსიით კი, ბიზნესმა კრიზისი გადალახა და თუკი ახალ კადრს არ ეძებს, შეიძლება იმის გამოც, რომ საკუთარი არხებით ცდილობს თანამშრომლების მოზიდვას.
ყოველ შემთხვევაში, სტატისტიკა არასახარბიელოა. “პიემსი” კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, 2025 წლის თებერვალში პორტალ “ჯობს.გე”-ზე 5600-მდე ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის 20%-იანი კლებაა. შემცირება ყველაზე მეტად ადმინისტრაციისა და მენეჯმენტის კატეგორიას შეეხო.
„გადახურების ფაზა შრომის ბაზარზე სრულდება, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ვაკანსიებისა და ხელფასების მაღალი მაჩვენებლით ზრდის ტენდენცია დასასრულს მიუახლოვდა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ შრომის ბაზარზე კრიზისია, თუმცა დასაქმების ბაზარმა თავის პიკს უკვე მიაღწია და მიმდინარე წელს, ასევე მომდევნო წლებში, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვაკანსიების რაოდენობა იმაზე მეტად გაიზარდოს, ვიდრე ეს გასულ 3 წელში მოხდა. ცხადია, რჩება სექტორები, სადაც კადრების მაღალი გადინების გამო, ვაკანსიები ხშირად და დიდი რაოდენობით ცხადდება და ასეთებია, მაგალითად, ჰორეკა და რითეილ სექტორია“, – განაცხადა ანალიტიკოსმა გიორგი ხიშტოვანმა.
როგორც მან „ბიზნესპარტნიორთან“ აღნიშნა, დღეს კადრების დეფიციტი აღარ არის ნომერ პირველი პრობლემა, კომპანიების დიდი ნაწილი საჭირო თანამშრომლებით უკვე დაკომპლექტდა, შესაბამისად, მათ აღარ აქვთ აუცილებლობა, რომ ანაზღაურება გაზარდონ. ხიშტოვანი ხელფასების მატებას არც მომდევნო თვეებში ელის. კვლევის მიხედვით, 2025 წელს ანაზღაურებები თითქმის არც ერთ სექტორში არ გაზრდილა.
“ეიჩარის” რეგიონული მენეჯერის ინგა შახბაზიანის ინფორმაციით, მათ საიტზე გამოქვეყნებული ვაკანსიებიდან, მხოლოდ 32% პროცენტშია ხელფასი მითითებული, საიდანაც იკვეთება რომ, ხელფასი მარტო ჰორეკა სექტორში გაიზარდა, ვინაიდან ამ სექტორში კადრების გადინებაა, შესაბამისად, ამ სექტორს უწევს, რომ გაზრდილი ანაზღაურებით მოიზიდოს ახალი თანამშრომლები.
მანვე ყურადღება მარტის სტატისტიკაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ვაკანსიებში 5-პროცენტიანი ვარდნა აქვთ.
ვაკანსიების რაოდენობის კუთხით არსებულ ვითარებას სექტორში არაერთგვაროვნად აფასებენ. მცირე და საშუალო ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელის მიხეილ ჭელიძის ინფორმაციით, კომპანიებს იმდენად არ უჭირთ, ვიდრე ადრე, მაგალითად, წინა წლის მეოთხე კვარტალში. თუკი ვაკანსიები იკლებს, ეს, სავარაუდოდ, იმის გამო, რომ კომპანიების ნაწილი განცხადებებს აღარ აქვეყნებს.
,,ის, რომ ბიზნესი ვერ ვითარდება, ასე ნამდვილად არ არის საქმე. კრიზისი სექტორმა გადალახა. ახლა სეზონურობის ფაქტორიც მოქმედებს, 2024 წლის სტატისტიკაში მატებაა, წლიურ ჭრილში ზრდაა. შეიძლება ვაკანსიებს აღარ აქვეყნებენ და შიდა მექანიზმები აქვთ. პრობლემა უფრო ს შემდგომ პერიოდში გაჩნდა და ბიზნესზე იმოქმედა.
რაც არ უნდა იყოს, ვაკანსიებთან დაკავშირებით მონაცემი ყურადსაღებია. მთლიანობაში, ვხედავთ, რომ ეკონომიკა ვითარდება. დანარჩენი, თუ როგორ შეივსება დეფიციტური ბაზარი, ამას უკვე მოთხოვნა-მიწოდება დაარეგულირებს”, – აღნიშნა “რეზონანსთან” ჭელიძემ და დასძინა, რომ სამუშაოს მაძიებელ ქართველს, თუ ის კვალფიციურია, სამსახურის შოვნა ადგილზე არ უჭირს, თუმცა მეტი ანაზღაურების გამო ხალხი მაინც ცდილობს ქვეყნიდან წასვლას, რისი ტენდენციაც ყველა ქვეყანაში შეინიშნება.
რაც შეეხება ბიზნესის პოზიციას, კომპანიები აღიარებენ, რომ მცირე და საშუალო ბიზნესს ცუდი დროება უდგათ და ზოგიერთი მათგანი ბოლო თვეების განმავლობაში დაიხურა კიდეც.
ხის ხელნაკეთი საათებისა და აქსესუარების მწარმოებელი ქართული ბრენდის “ოთანაძე დიზაინის” დამფუძნებელი შალვა ოთანაძე სექტორში არსებულ პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას და კადრების კლების მიზეზს საქართველოში შექმნილი პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარებით ხსნის.
“ბიზნესს ნამდვილად უჭირს და არც მოლოდინია ოპტიმისტური, ვხედავთ, რომ მასობრივად ხდება გადინება. ეს არა მხოლოდ რიგით თანამშრომლებს, უკვე დამსაქმებლებსაც შეეხოთ. მუშახელი გადის ქვეყნიდან, არის შემთხვევები, როცა კომპანიის ხელმძღვანელმა დახურა ბიზნესი და წავიდა საზღვარგარეთ.
ყველაზე მეტად ახლა მცირე ბიზნესს უჭირს, კადრებზე რომ არაფერი ვთქვათ, გადარჩენისთვის უწევს ბრძოლა. ცალკე პრობლემაა კადრების სიმცირეც, განსაკუთრებით კი პროფესიული კადრების მხრივ, ძალიან ცოტაა ადამიანი, რომელსაც ჩვენს სფეროში პროფესიული განათლება აქვს მიღებული. სამეწარმეო კომპანიებში კვალიფიციური თანამშრომელი ყოველთვის არის პრობლემა, ამიტომ ჭირს ხოლმე განვითარებაზე ორიენტირებული, ახალი პროექტების განხორციელება, სამწუხაროდ, მოსახლეობის გადინებამაც დიდი პრობლემა შეგვიქმნა”, – განაცხადა შალვა ოთანაძემ ,,რეზონანსთან” საუბრისას.
ცნობისთვის, საქართველოში ხელფასის მიმღებ პირთა რაოდენობა, ბოლო, ანუ თებერვლის თვის მონაცემებით, 966 ათას ადამიანს აჭარბებს.
წყარო: რეზონანსი