“გოგორა” სოციალურ საწარმოდ რეგისტრირდება – რა გეგმები აქვს კომპანიას?

„გოგორა“ სოციალურ საწარმოდ რეგისტრირდება, – ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ კომპანიის დამფუძნებელმა, ნინო რაზმაძემ ისაუბრა.
ნინო რაზმაძე BM.GE-სთან განმარტავს, რომ კომპანიისთვის სოციალური საწარმოს ოფიციალური სტატუსი, მათ შესაძლებლობას მისცემს სოციალური საწარმოებისთვის განკუთვნილ კონკურსებში მიიღონ მონაწილეობა. მისი ინფორმაციით, ამ ტიპის კონკურსებში საწარმოების მიმართ რამდენიმე მოთხოვნა არსებობს, კონკრეტულად კი კომპანიას სოციალური საწარმოს სტატუსი წესდებაშივე იყოს გაწერილი, შემოსავლის 60% კი კომპანიამ განვითარებას უნდა მოახმაროს.
მისივე ცნობით, დაფუძნების დღიდან, კომპანია მხოლოდ ავეჯის წარმოებაზე არაა ორიენტირებული და ყურადღებას წარმოების პროცესზე ამახვილებს. აჭარაში მდებარე “გოგორას” საწარმო ენერგოეფექტურია, ხოლო დანადგარები მწვანე ტექნოლოგიის ნაწილია. ამას გარდა, კომპანია ნულოვანი ნარჩენების პრინციპით მუშაობს, რაც იმას ნიშნავს, რომ “გოგორა” კერძო და საჯარო ბაღებს, ასევე სხვადასხვა ცენტრებს ე.წ. ვორქშოფებისთვის მეორეული ნარჩენებისგან წარმოებული ნივთებით ამარაგებს.
„2024 წელი იყო გარდამტეხი. გვქონდა ძალიან წარმატებული პროექტი. ჩეხეთის “კარიტასთან” ვითანამშრომლეთ და თბილისსა და რეგიონებში 18 სახელმწიფო ბაღი, ფიზიკური ავეჯით აღვჭურვეთ. ეს ძალიან დიდი პროექტი იყო, რომელიც წარმატებით დავხურეთ. ამ პროექტმა მოგვცა სტიმული, რომ უფრო მეტი შეხება გვქონოდა სახელმწიფო ბაღებთან და ამ მიმართულებით მუშაობა დავიწყეთ. ამ პროცესში, ჩვენი როლს იმაში ვხედავთ, რომ სახელმწიფო ბაღებში ავეჯის კუთხით არსებული არასახარბიელო ვითარება გავაუმჯობესოთ.
ჩვენი მიზანი კი საქართველოში ეკოლოგიურად სუფთა, უსაფრთხო, განმავითარებელი გარემოს შექმნა და მშობლების და აღმზრდელების მხარდაჭერაა”, – ამბობს „გოგორას“ დამფუძნებელი.
გარდა ამისა, ნინო რაზმაძე ამბობს, რომ კომპანია სახელმწიფოსთან აქტიურ კომუნიკაციაშია, რათა საბავშვო ბაღებში არსებული საფრთხის შემცველი ავეჯი, ეკოლოგიურად სუფთა ავეჯით ჩაანაცვლონ.
შეგახსენებთ, ქართული ხის სათამაშოებისა და მონტესორის საბავშვო ავეჯის მწარმოებელი კომპანია „გოგორა“ ერთი წელია ბაზარზე უკვე ერთი წელია ოპერირებს. ხოლო საწარმო თბილისსა და აჭარაში აქვთ განთავსებული. დღეის მდგომარეობით, წარმოების სრულად ასამუშავებლად დაახლოებით 700000 ლარის ინვესტიცია აქვთ განხორციელებული. ხოლო ჯამურად, 16 ადამიანია დასაქმებული.