იტალიის პარლამენტის წევრებმა საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე იმსჯელეს.
დემოკრატიული პარტიის წევრის, დეპუტატ ლია კუარტაპელეს ორგანიზებითა და სხვა ოპოზიციონერი დეპუტატების მონაწილეობით, 15 აპრილს შედგა პრესკონფერენცია სახელწოდებით „საქართველოს ბრძოლა თავისუფლებისთვის, უფლებებისა და დემოკრატიისთვის“.
იტალიელი დეპუტატები ამბობენ, რომ რეზოლუციის ტექსტზე მუშაობენ „ქართული ოცნების“ რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც საქართველოს რუსულ-ბელარუსული სცენარით ექაჩება უკან.
„საქართველოში დამტკიცდა კანონი, რომელიც კიდევ უფრო ამკაცრებს წესებს ე.წ. უცხოური აგენტების მიმართ — რაც პრაქტიკულად ნიშნავს იმას, რომ ყველა, ვისაც დასავლეთთან ან დემოკრატიულ ქვეყნებთან მცირე კონტაქტიც კი აქვს, აღიქმება როგორც საშიში ჯაშუში, ხალხის მტერი, სამშობლოს მოღალატე. ამას კი ისინი აკეთებენ, ვინც სინამდვილეში თვითონ არიან ქვეყნის მოღალატეები — საქართველოს დღევანდელი მმართველი ძალა.
[…] თბილისში, რუსთაველზე, ხალხი ყოველდღიურად გამოდის ქუჩაში ოკუპანტების და არალეგიტიმური მთავრობის წინააღმდეგ, რომელიც ცდილობს პროტესტის ჩახშობას.
საქართველოში მწვავედ დგას დემოკრატიის, თავისუფლებისა და უფლებების საკითხი, საკითხი, რომელიც ცენტრალურია ევროპისთვის და რომელიც ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია. მით უმეტეს, რომ, იქნება ეს ტრამპის ბოლო განცხადება თუ სხვა საერთაშორისო მოვლენები, ხშირად იკარგება ფოკუსი იმაზე, რაც ყოველდღიურად ხდება საქართველოში: რეპრესიები, უფლებების დარღვევა, დაკავებები, ის ყველაფერი, რასაც ქართველები უძლებენ“, — განაცხადა პრესკონფერენციის დასაწყისში იტალიელმა დეპუტატმა ფილიპო სანსიმ, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვისა და ხელშეწყობის კომიტეტის ვიცეპრეზიდენტია.
დეპუტატების თქმით, მზადდება ორი დოკუმენტი. ერთი გულისხმობს საპარლამენტო ინტერპელაციას, რომ მთავრობამ გასცეს დეპუტატებს პასუხი კითხვებზე „ქართული ოცნების“ მთავრობასთან შეხვედრებისა და კონტაქტების შესახებ. მეორე დოკუმენტი კი გულისხმობს რეზოლუციას, რომელიც თავის მხრივ დაეყრდნობა ევროპარლამენტის რეზოლუციას „ქართული ოცნების“ წევრთა მიმართ სანქციების შესახებ, თუმცა დასანქცირების კანდიდატ პირთა მეტად გაფართოებული სიით.
„საქართველო ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდია იმ ტენდენციისა, რომელიც მთელ მსოფლიოში ვითარდება — განსაკუთრებით კი ევროპაში, რაც მეტად შემაშფოთებელია.
ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად, ევროპა სამართლებრივი სახელმწიფოსა და ლიბერალური დემოკრატიების აკვანი იყო. ატლანტის ოკეანის მეორე მხარეს ეს შუქი თანდათან ქრება და ცხადი ხდება, რომ ავტოკრატები მთელ მსოფლიოში თავს გაცილებით ძლიერად გრძნობენ და ღიად იწყებენ მოქმედებას.
როდესაც ადრე ავტოკრატები არღვევდნენ ადამიანის უფლებებს ან სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს, ამას ფარულად, ჩუმად აკეთებდნენ. დღეს კი ამას დაუფარავად, ქედმაღლურად, სრული დაუსჯელობის განცდით სჩადიან — ისეთი თავდაჯერებით, რაც ნამდვილად დამაბნეველი და შემაშფოთებელია“, — განაცხადა ივან სკალფაროტომ.
დეპუტატისა და იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, ივან სკალფაროტოს თქმით, საქართველო მკვეთრად ქვემოთ, რუსული გზით მიექანება.
“პირადად ვუხდი მადლობას ქართველ ხალხს, განსაკუთრებით კი ქართველ ახალგაზრდებს, იმ ღირებულებების შეხსენებისთვის, რომლებიც ჩვენ, ევროპელებმა, თითქოს დავივიწყეთ. თითქოს დავივიწყეთ, რას ნიშნავს ლურჯი დროშა თორმეტი ოქროს ვარსკვლავით“, — აღნიშნა სკალფაროტომ.
დეპუტატის თქმით, ის, რასაც გარანტირებულად იღებს ევროკავშირის მოქალაქე, თავისუფლებას, კეთილდღეობას, სოციალურ დაცვას, უფასო განათლებას, იდეალია სხვა ქვეყნებისთვის, მათ შორის, საქართველოსთვის, რომელიც ამ იდეალისკენ ისწრაფვის. ამიტომ იმსახურებენ ქართველები მხარდაჭერას და მადლობას ევროპისგან.
ბენედეტო დელა ვედოვამ და რიკარდო მაჯიმ ხაზი გაუსვეს, რომ „ქართული ოცნების“ რეჟიმი ცდილობს თავის კონტროლქვეშ მოაქციოს ევროკავშირის მხრიდან პირდაპირ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დასაცავად გაცემული ფინანსები.
„ის, რაც დღეს საქართველოში ხდება ან შეიძლება მოხდეს, ძალიან ჰგავს იმას, რაც ბელარუსში უკვე მოხდა, ჰგავს იმას, რაც, რის მიღწევასაც პუტინი უკრაინაში ცდილობს — რეჟიმი, ხელისუფლება, რომელიც მთლიანად ემსახურება მოსკოვს და არა საკუთარ ხალხს, თავისუფლებას, კეთილდღეობას. და რაც მთავარია, ხელისუფლება, რომელიც ახშობს ნებისმიერ მცდელობას ევროპასთან დასაახლოებლად“, — აღნიშნეს დეპუტატებმა.
დეპუტატებმა ისაუბრეს ასევე იმაზე, რომ მიუხედავად არაერთი ნაბიჯისა, სანქციებისა, საერთო ჯამში ევროკავშირის მხრიდან ერთგვარი სტრატეგიული გაურკვევლობა შეინიშნება საქართველოში მოქმედ რეჟიმთან მიმართებით. იტალიელი პარლამენტარების თქმით, ევროკავშირმა პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მათ შორის გაფართოების პოლიტიკასთან დაკავშირებით, რაც დღეს აღარ შეიძლება წარიმართებოდეს ისე, როგორც ეს 90-იან წლებში ხდებოდა.
„დღეს, როდესაც რომელიმე ქვეყანა ირჩევს ევროკავშირში გაწევრიანების გზას, ეს ნიშნავს, რომ მასზე გარე ზეწოლა იზრდება და ქვეყანა დესტაბილიზაციის საფრთხის ქვეშ დგება. შეხედეთ, რა ხდება საქართველოში, შეხედეთ სერბეთს. აშკარად ჩანს, რომ აღარ შეიძლება ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ძველი წესით გაგრძელდეს. თითქოს, ქვეყნებს, რომლებიც ომის პირობებში იმყოფებიან, შეეძლოთ რეფორმების ჩვეულ რეჟიმში განხორციელება, როგორც ამას ევროკავშირი ითხოვს. ეს უნდა იქცეს პოლიტიკური გადაწყვეტილებად, რადგან რაც უფრო იწელება ეს პროცესი და რაც უფრო ბიუროკრატიული ხდება გაწევრიანების გზა, მით უფრო იზრდება რისკი, რომ ეს ქვეყნები საფრთხეში აღმოჩნდებიან“, — აღნიშნა პრესკონფერენციის დასასრულს დეპუტატმა მარკო ლომბარდომ.
ამავე თემაზე წაიკითხეთ:
· „ევროკავშირის მიღებული ზომები არ ასახავს საქართველოს ვითარების სიმძიმეს“ — მოხსენება
· 400 მომხრე, 63 მოწინააღმდეგე | ევროპარლამენტმა საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია დაამტკიცა
