გიორგი ვაშაძე – ამ სასამართლოდან ვეტყვი ბიძინა ივანიშვილს: წადი, დაანებე ამ ქვეყანას თავი! – არ გვჭირდება გახლეჩა ამ ქვეყანაში, გვჭირდება გაერთიანება!

ყველა ასეთი ნაბიჯი რეჟიმის მხრიდან ჩვენ მხოლოდ გვაძლიერებს, გვაერთიანებს და უფრო მეტად გვარწმუნებს იმაში, რომ სწორ გზაზე ვდგავართ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, მ დღევანდელ სასამართლო პროცესთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ.
გიორგი ვაშაძის თქმით, დღევანდელი პროცესი არის ბრძოლის მორიგი ნაწილი.
„მე და ჩვენ ყველამ, ზუსტად ვიცით რისთვის ვიბრძვით. ვიბრძვი, რომ საქართველო იყოს ძლიერი, ერთიანი, თავისუფალი ადამიანების ქვეყანა, ჰქონდეს დემოკრატიული სისტემა, სადაც არ არიან პოლიტპატიმრები, რომელიც მიდის სწრაფად ევროკავშირისკენ და არის ძლიერი ძლიერ სახელმწიფოთა შორის. ვებრძვით რეჟიმს, რომელსაც უნდა დაგვტოვოს მარტო ჩვენი მეგობრებისა და პარტნიორების გარეშე. ჩავთვალოთ, რომ ეს არის ამ ბრძოლის მორიგი ხაზი. ყველა ასეთი ნაბიჯი რეჟიმის მხრიდან ჩვენ მხოლოდ გვაძლიერებს, გვაერთიანებს და უფრო მეტად გვარწმუნებს იმაში, რომ სწორ გზაზე ვდგავართ. მერწმუნეთ, ძალიან მალე ჩვენ ყველა ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას და თქვენ, ყველანი იგრძნობთ დიდ თავისუფლებას, რომელიც საქართველოს სჭირდება“, – განაცხადა ვაშაძემ.
მან ბიძინა ივანიშვილს მიმართა და მოუწოდა, „ქვეყანას თავი დაანებოს“.
„ბიძინა ივანიშვილს ამ სასამართლოდან ვეტყვი: წადი, დაანებე ამ ქვეყანას თავი. ჩვენ გვინდა ვიყოთ დაცული ძლიერ ევროპასთან, ძლიერ ამერიკასთან და რაც მთავარია, ერთიანები. არ გვჭირდება გახლეჩა ამ ქვეყანაში, გვჭირდება გაერთიანება. რაც მთავარია, მალე გათავისუფლდება ყველა პოლიტპატიმარი და საქართველო დიდ გამარჯვებას იზეიმებს“,-განაცხადა ვაშაძემ.
რაც შეეხება კითხვას, გადაიხდის თუ არა გირაოს იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო დააკისრებს, ვაშაძემ განმარტა, რომ ამ საკითხზე თანაგუნდელებთან ერთად იმსჯელებს.
„ვნახოთ, ჯერ რა იქნება. მექნება ჩემს თანაგუნდელებთან ერთად მსჯელობა და გადაწყვეტილებას მივიღებთ“, – განაცხადა ვაშაძემ.
ცნობისთვის, სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე ვაშაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ. პროკურატურა ვაშაძის მიმართ 50 000-ლარიანი გირაოს დაწესებას ითხოვს.
გიორგი ვაშაძე საქართველოს პარლამენტში შექმნილმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ 10 აპრილს დაიბარა, თუმცა ვაშაძე სხდომაზე არ გამოცხადდა, რის შემდეგაც, ის ჩვენების მისაცემად პროკურატურაში დაიბარეს.
გიორგი ვაშაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წაუყენეს, რაც “საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას” გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.