,,ვფიქრობთ, რომ ოქრო ფასის ზრდის ახალ რეკორდებს მოხსნის.’’- თორნიკე სამხარაძე
საერთაშორისო ბირჟაზე ოქრო მკვეთრ გაძვირებას განაგრძობს. ძვირფასი მეტალის ღირებულებამ რეკორდულ მაჩვენებელს უკვე მიაღწია, თუმცა ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ოქრო რეკორდების მოხსნას არ შეწყვეტს და მისი ფასი კიდევ გაიზრდება.
,,ზარაფხანას“ აღმასრულებელი დირექტორი ,,კომერსანტთან“ იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც ოქროზე ფასი მკვეთრად გაიზარდა. თორნიკე სამხარაძე გაძვირების ერთ-ერთ მთავარ გამომწვევ ფაქტორად მსოფლიოში არსებულ არასტაბილურ პოლიტიკურ და ეკონომიკურ მდგომარეობას ასახელებს. მისი განმარტებით, არასტაბილურ ვითარებაში ინვესტორები ამჯობინებენ თანხები ოქროში დააბანდონ, რადგან ეს ერთ-ერთი ყველაზე მდგარი ინვესტიციაა. თორნიკე სამხარაძე ოქროზე მოთხოვნის ზრდის მიზეზებს შორის რუსეთ-უკრაინის ომსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში საფონდო ბირჟებზე არსებულ ვითარებას ასახელებს. მისი განმარტებით, ძვირფას ლითონზე დიდი მოთხოვნა არის ეროვნული ბანკების მხრიდანაც, რომლებიც რეზერვებს სწორედ ოქროთი ავსებენ.
,,მსოფლიოში ეკონომიკური და პოლიტიკური არასტაბილურობა ზოგადად ყოველთვის ოქროს ფასის მატებას იწვევს. მაგალითად, შარშან ეროვნული ბანკები მასიურად იძენდნენ ოქროს. იყო ძალიან დიდი მოთხოვნა. იმის ფონზე, რომ მესამე წელია გრძელდება რუსეთ-უკრაინის ომი მსოფლიოში არამდგრადი სიტუაციაა, რასაც ბოლო თვეებში დაემატა ეკონომიკური არასტაბილურობა. რაც ხდება მაგალითად ამერიკის საფონდო ბირჟებზე. ინვესტორები მაქსიმალურად შედიან ოქროს აქტივში, რადგან ეს ერთ-ერთი ყველაზე მდგრადი და საიმედო ინვესტიციაა. შესაბამისად ეს იწვევს ფასის ზრდას. ოქროს ფასის გაძვირება ყოველთვის ასახავს არასტაბილურ გარემოს. მსოფლიოს მასშტაბით ინვესტორები საფრთხეებისგან თავის დასაცავად ინვესტიციებს ოქროში დებენ. რაც უფრო მოლოდინი იქნება არასტაბილურობის, მით მეტად გაიზრდება ოქროს ფასი. ყველა ინვესტორი მაქსიმალურად იყიდის ოქროს, რადგან ოქრო არ გაუფასურდება მატერიალურად.’’- აცხადებს თორნიკე სამხარაძე.
,,ზარაფხანას“ აღმასრულებელი დირექტორი მიიჩნევს, რომ ძვირფას ლითონზე ფასის მატების ტენდენცია შენარჩუნდება. თორნიკე სამხარაძე განმარტავს, რომ მსოფლიოში სტაბილიზაციის წინაპირობები არ ჩანს, რის გამოც დღის წესრიგში საფრთხეები და გამოწვევები რჩება. ასეთ ვითარებაში კი ოქროზე არსებული მოთხოვნა არ შემცირდება. გაზრდილი მოთხოვნა კი ფასის შემდეგ მატებას გამოიწვევს.
,,იქიდან გამომდინარე, რომ მსოფლიოში ჯერჯერობით არ ჩანს წინაპირობა, რომ სიტუაცია წავა სტაბილიზაციისკენ, ფასის შემცირების მოლოდინი ჩვენ არ გვაქვს. ვფიქრობთ, რომ ოქრო ფასის ზრდის ახალ რეკორდებს მოხსნის. დღევანდელი პოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაციის შეფასებიდან გამომდინარე გაძვირების მოლოდინი უფრო გვაქვს, ვიდრე გაიაფების.’’- აცხადებს თორნიკე სამხარაძე.
