“EU-ს ბაზარი ქართული პროდუქციისთვის ღიაა, მაგრამ სტანდარტები უნდა დავაკმაყოფილოთ” – FAO-ს წარმომადგენელი

“ევროკავშირის ბაზარი ქართული პროდუქციისთვის ღიაა”,- ამის შესახებ FAO-ს პოლიტიკის უფროსის მრჩეველმა განაცხადა. ჯუბა მარუაშვილის თქმით, მიუხედავად შესაძლებლობისა, ქართულ ბიზნესს ევროპულ ბაზარზე შესვლა უჭირს.
“ევროკავშირის ბაზარი ქართული პროდუქციისთვის ღიაა, მაგრამ შესაბამისი სტანდარტები უნდა დავაკმაყოფილოთ. აქედან გამომდინარე, ჩვენი ძალისხმევა იქითკენაა მიმართული, რომ კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობა გაიზარდოს. ეს არის დროში გაწერილი პროცესი, მოითხოვს განგრძობით და ინტენსიურ მუშაობას ფერმერებთან, სხვადასხვა აგროოპერაციის გაუმჯობესებული პრაქტიკის დანერგვას.
მაქსიმალურად ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტ ფერმერამდე მივიდეთ და ქვეყანამ რაც შეიძლება მეტი ხარისხიანი პროდუქცია აწარმოოს. ამას დასჭირდება დრო, მაგრამ ორიენტირი არის ევროკავშირის ბაზარზე წვდომის გაზრდისკენ და ეს მცდელობები, ჩარევები და ნაბიჯები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს”, – აღნიშნა ჯუბა მარუაშვილმა.
DCFTA-ის გაფორმების შემდეგ საქართველო-ევროკავშირის ვაჭრობის სტატისტიკა დიდად არ შეცვლილა, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში გაზრდილია. 2023 წელს EU-სთან ვაჭრობის ისტორიის განმავლობაში რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. წლის პირველი 9 თვის განმავლობაში ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებელი 20%-ით გაიზარდა და 3 მლრდ დოლარს გადააჭარბა.

ასევე დაგაინტერესებთ

ტურიზმის მსოფლიო დღის თემატიკაა ტურიზმი და მშვიდობა, სამშვიდობო პოლიტიკა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია, რაც აფხაზებსა და ოსებთან შერიგების, ქვეყნის გაერთიანების უალტერნატივო პირობაა – ირაკლი კობახიძე