ჭიათურაში „წარმოების აღდგენას და რეორგანიზაციას“ გეგმავენ – პროცესს „საქნახშირის“ გენ.დირექტორი სოცკი უხელმძღვანელებს

ჭიათურაში მანგანუმის მომპოვებელი კომპანიის, „ჯორჯიან მანგანეზის“ მმართველი კომპანია, „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი“ (CMC), – რომელიც რამდენიმე კვირის წინ აცხადებდა, რომ ჭიათურაში მიწისქვეშა სამუშაოები აღარ განახლდებოდა, – ახლა აცხადებს, რომ „ჭიათურაში სამთო წარმოების აღდგენა და რეორგანიზაცია დაიგეგმა“.
ეს ამბავი ცნობილი ხდება CMC-ის გავრცელებული განცხადებიდან.
22 აპრილს, საღამოს 10 საათისთვის ფეისბუკზე გამოქვეყნებულ განცხადებაში CMC წერს, რომ წარმოების განახლების პროცესს უხელმძღვანელებს მიხეილ სოცკი.
ჭიათურელი მაღაროელები, რომლებიც სამთო მოპოვებითი საქმიანობიდან ამ კომპანიების გასვლას თვეებია ითხოვენ და დემონსტრაციებს მართავენ, აცხადებენ, რომ კომპანია „ულტიმატუმის ენით“ საუბრობს და „რეპრესიებს“ აანონსებს.
ახალი ხელმძღვანელი
ს მოქალაქე მიხეილ სოცკი, – რომელსაც CMC ახასიათებს „მაღალკვალიფიციურ მენეჯერად“, რომელიც „წლების განმავლობაში ურთულეს სამთო ტექნოლოგიურ პროექტებს მართავდა“, – სამეწარმეო რეესტრის თანახმად, ამ დრომდე არის ტყიბულში სამთომომპოვებელი საწარმო „საქნახშირის“ გენერალური დირექტორი.
„მიხეილ სოცკი მოწვეული იყო სამმხრივი კომისიის ფარგლებში შექმნილ სამუშაო ჯგუფში ექსპერტის სტატუსით. სწორედ მისი აქტიური მონაწილეობით შემუშავდა სტაბილურობასა და ეფექტიანობაზე გათვლილი ჭიათურის მაღაროების გახსნის გეგმა“, – აცხადებს CMC.
სამმხრივი კომისია – ჯანდაცვისა და შრომის სამინისტროსთან არსებული სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია, რომელშიც მონაწილეობენ კომპანია, მთავრობა და პროფკავშირების გაერთიანება (GTUC), რომელსაც პროტესტის მონაწილე მაღაროელთა ნაწილი უნდობლობას უცხადებს.
22 აპრილის განცხადების თანახმადვე, ახალმა ხელმძღვანელმა უკვე გამართა „გაცნობითი სამუშაო შეხვედრა ჭიათურის საწარმოების მენეჯერებთან“.