“ფინანსები და გარანტია, რომ დაწყებული პროექტი დასრულდება”- რამდენად რეალურია ვაკეში მეტროს გაყვანა?

თბილისის მერია წინასაარჩევნოდ 3 მასშტაბურ სატრანსპორტო პროექტს აანონსებს. ერთ-ერთი მეტროს მესამე ხაზის მშენებლობაა, რომელმაც ვაკეში უნდა გაიაროს. ახალ ხაზს 7 სადგური უნდა ჰქონდეს და ის ერთმანეთს დააკავშირებს, როგორც მეტროს მეორე, ასევე პირველ ხაზს. ახალი ხაზის სიგრძე 8.5 კილომეტრი უნდა იყოს. პროექტის სავარაუდო ღირებულება 470-560 მილიონი დოლარის ფარგლებში შეიძლება იყოს. თუმცა პროექტების სრული ღირებულება ფასების გამოკვლევით უნდა დადგინდეს, რომელსაც მერია იკვლევს.
ურბანული ლაბორატორიის დამფუძნებელი გიორგი ბაბუნაშვილი ამბობს, რომ თბილისის მეტროს განვითარების საჭიროება არსებობს, თუმცა იმისთვის, რომ პროექტი რეალური იყოს 2 მთავარი კომპონენტია გასათვალისწინებელი. მათ შორის ფინანსები, რადგან ახალი ხაზის გაყვანა მნიშვნელოვან კაპიტალ დაბანდებას მოითხოვს. თუმცა მიღმა ამისა, გამოწვევა იქნება ადგილობრივ ბაზარზე კონტრაქტორების მოძიება, რომლებიც პროექტს განახორციელებენ, შესაბამისად, აუცილებელი იქნება კომპანიების საერთაშორისო ბაზარზე პოვნა, თუმცა მათ სჭირდებათ გარანტია, გარანტია იმისა, რომ პროექტი აუცილებლად დაიწყება და დაფინანსებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო არ შეწყდება.
“პირველი ეს არის ფინანსები, რომელიც ეს თანხები მასშტაბურია, არანაკლებ მნიშვნელოვანი არის მატერიალურ ტექნიკური ბაზა, რომლის საფუძველზეც ხდება ამ ხაზების პროექტირება და მშენებლობა. საბჭოთა პერიოდში იყო საპროექტო ინსტიტუტი, რომელსაც ჰქონდა მეტროს განყოფილება და ამ განყოფილებაში დასაქმებულები აპროექტებდნენ მეტროს. იყო ასევე ორგანიზაცია, რომელიც სპეციალიზებული იყო მიწისქვეშა ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე და ეს იყო თბილგვირაბმშენი. ორივე ორგანიზაცია დაიშალა. გარკვეულმა თანამშრომლების ნაწილმა დააარსა პატარა მცირე კომპანიები. როდესაც არ არის შეკვეთები და როდესაც მშენებლობა წყდება, კვალიფიციური კადრების შენარჩუნება არის ფაქტობრივად შეუძლებელი.
ესენი არიან მაღალანაზღაურებადი კადრები, რომლებიც პოულობენ სამუშაოს სხვაგან. იმისთვის, რომ ეს კადრები მოიძიო, უნდა შესთავაზო მათ სტაბილური დაფინანსება, იმიტომ რომ რთულია კომპანიისთვის შემოვიდეს ბაზარზე, თუ მას არ ექნება გარანტია. კომპანია მშენებლობას რომ დაიწყებს, გადმოიტანს ტექნიკურ რესურსს, რაც დამატებით ინვესტიციას მოითხოვს გარანტირებულად უნდა ჰქონდეს მას დასტური, რომ პროექტი დაიწყება და გაგრძელდება 7 წელი, რაც მესამე ხაზის მშენებლობას სჭირდება. თუ იქნება გარანტია, რომ სტაბილურად შეიძლება პროექტის დაფინანსება გაგრძელდეს, ამ შემთხვევაში შეიძლება მოიზიდო საერთაშორისო ბაზრიდან კომპანიები, რომლებიც ამას გააკეთებენ, საქართველოში, სამწუხაროდ, ასეთი კომპანიები არ არის,”- ამბობს ურბანული ლაბორატორიის დამფუძნებელი გიორგი ბაბუნაშვილი.