აუცილებელია შეთანხმება ახალ არჩევნებთან დაკავშირებით, ეს უნდა გააცნობიეროს ”ქართული ოცნების” დამფუძნებელმა – თანდათანობით ვუახლოვდებით ამას, ეჭვი არ მეპარება, რომ აუცილებლად უნდა მოხდეს შეთანხმება, ეს არის ერთადერთი გზა იმისათვის, რომ დამშვიდდეს ქვეყანა, – ამის შესახებ კოალიცია “ლელო – ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “პოლიტიკურ სივრცეში” განაცხადა.
უფრო კონკრეტულად, ჯაფარიძე გამოეხმაურა ეუთო-ს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტს და განაცხადა, რომ “ქართული ოცნების” პროპაგანდა ცდილობს, ვიზიტი პოზიტიურად წარმოაჩინოს, თითქოს მმართველმა გუნდმა დიდი წრის გარღვევა მოახერხა, თუმცა ეს მათ “სინდისზეა”.
ჯაფარიძის თქმით, მთავარია, ახლა ღიად საუბარი იმაზე, თუ რა აკლდება ქვეყანას იმის გამო, რომ “ქართული ოცნება” “ძალმომრეობის მეშვეობით არის ხელისუფლებაში”. მისი თქმით, უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ აუცილებელია შეთანხმება ახალ არჩევნებთან დაკავშირებით, რაც ”ქართული ოცნების” დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა უნდა გააცნობიეროს, ვინაიდან, ის ერთადერთი ადამიანია, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს.
“ეუთო-ს გენერალური მდივანი, რამდენადაც ცნობილია, ჩამოსული იყო რეგიონში – ეუთო-ს წევრები არიან აზერბაიჯანიც, სომხეთიც, საქართველოც. ეს თუ მათ (“ქართულ ოცნებას”) გარღვევად მიაჩნიათ, მათი სინდისისთვის დამიტოვებია. ცხადია, რომ ეს არანაირი გარღვევა არ არის. ჯობია, მათ ჩაიხედონ იმ დასკვნაში, რომელიც ეუთო-მ მოამზადა არჩევნებთან დაკავშირებით და ურცხვად არ იმეორონ, თითქოს ეს არის პოზიტიური დასკვნა. სიტყვა “სამართლიანი” იყო მათ განცხადებაში? რომელიმე საერთაშორისო დამკვირვებელს შეუფასებია ეს არჩევნები სამართლიანად? – არცერთს არ შეუფასებია სამართლიანად.
გვეუბნებიან, დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება ვართო – რომელიმე დამკვირვებელს შეფასებული აქვს ეს, როგორც დემოკრატიული არჩევნები? – არა იმიტომ, რომ ეს არც დემოკრატიული არჩევნები არ ყოფილა, არც სამართლიანი არჩევნები არ ყოფილა. რაც შეეხება ამა თუ იმ კონტაქტს, ეს ვერანაირად ვერ გაიყიდება, მისი მომხრეებიც არ დაიჯერებენ, რომ ვიღაცამ გარღვევა მოახდინა, ეს არის მათი შიდა მოხმარებისთვის.
ცხადია, რომ ქვეყანა არის იზოლირებული და დარჩება იზოლირებული მანამ, სანამ ავტოკრატიული რეჟიმი ცდილობს, რომ გააგრძელოს თავისი ბრუტალური პოლიტიკა თავისი თანამოქალაქეების მიმართ.
მთავარია, ახლა ჩვენ ძალიან ღიად ვისაუბროთ იმაზე, თუ რა აკლდება ქვეყანას იმის გამო, რომ “ქართული ოცნება” დღეს ძალმომრეობის მეშვეობით არის ხელისუფლებაში. უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ არანაირი შანსი არ აქვს ქვეყანას ევროკავშირთან დაახლოების მანამ, სანამ ასეთი ტიპის ძალმომრეობით მოსული პარტია გვყავს. უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ აუცილებელია შეთანხმება ახალ არჩევნებთან დაკავშირებით და ეს უნდა გააცნობიეროს ”ქართული ოცნების” დამფუძნებელმა, ვინაიდან ის არის ერთადერთი ადამიანი, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს.
თანდათანობით ვუახლოვდებით ამას, მე ეჭვი არ მეპარება, რომ აუცილებლად უნდა მოხდეს შეთანხმება. ეს შეთანხმება არის ერთადერთი გზა იმისათვის, რომ დამშვიდდეს ქვეყანა, იმისათვის, რომ საზოგადოებაში დაპირისპირება აღმოიფხვრას. შეთანხმება აუცილებელია ამ ქვეყნის მომავლისთვის. უნდა გადადონ გვერდზე ის პრივილეგიები და ის სიკეთეები, რომელსაც იღებენ იმის გამო, რომ ახლა ხელისუფლებაში არიან. თუ ვინმეს დარჩა პასუხისმგებლობა თავისი ქვეყნის მიმართ, მან უნდა თქვას, რომ აუცილებელია შეთანხმება, საზოგადოების გამთლიანება და ქვეყნის დამშვიდება”, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
