20 წლის სტუდენტი, რომელიც ამბობს, რომ აქციაზე მასზე პოლიციელმა იძალადა, “პირველებთან” მომხდარს იხსენებს. ნატა ჭიოკაძე ამბობს, რომ დაინახა, როგორ გასცა როინ მესხმა ბრძანება, რომ ტროტუარზე მდგომი ერთ-ერთი პირი დაეკავებინათ, რის შემდეგაც მან კაცის ადგილიდან გარიდება სცადა. სტუდენტის თქმით, სწორედ ამ დროს დაესხა მას თავს მოძალადე პოლიციელი, რომელმაც თმით ათრია.
როდესაც დაიწყეს აქციის დაშლა და ქალების გადაყვანა ტროტუარის მეორე მხარეს, მე გადმოვედი მოძრაობის მხარეს. დავინახე, რომ ანიშნა, რომ დაეკავებინათ ეს კაცი და ვიფიქრე, გავარიდებდი, ვიდრე პოლიცია მოვიდოდა და დააკავებდა. ეს კაციც ტროტუარზე იდგა ჩემთან ერთად. ვიდრე ამას ვცდილობდი, თმაში მწვდა 20 წლის გოგოს კაცი.
არაფერს ვაპირებ, ცხადია, არ ვენდობი საგამოძიებო უწყებებს, – ამბობს დაზარალებული გოგო.
აღდგომის დღეებში გომელაურის პოლიციამ თბილისის ქუჩებში განსაკუთრებული სისასტიკე აჩვენა. აღდგომის ღამეს დაწყებული ძალადობის სერია გუშინაც გაგრძელდა. პოლიციის მაღალჩინოსანმა, როლანდ მესხმა ჩართული კამერების წინ ქალი მომიტინგე თმით ათრია.
ხალხი რუსთაველზე ტრადიციულ აქციაზე იყო მისული და პოლიციელებს აღდგომას ულოცავდა, რა დროსაც იერიში დაიწყეს. ტროტუარზე მყოფი ახალგაზრდები ჩამოათრიეს და პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს. არცერთი არც გზას კეტავდა და არც წინააღმდეგობას უწევდა მათ.