ლევან სანიკიძე – ევროპელ პარტნიორებთან დავაფიქსირებთ პოზიციას, რომ სანქციები გამკაცრდეს კონკრეტული ინდივიდების მიმართ, ვინც ქვეყანას ანგრევს და ვიზალიბერალიზაციის გაუქმება გამოყენებული არ იყოს

უახლოეს მომავალში, მნიშვნელოვანი შეხვედრები გვექნება ევროპელ პარტნიორებთან-გვექნება დაფიქსირებული პოზიცია, რომ სანქციები გამკაცრდეს კონკრეტული ინდივიდების მიმართ, ვინც ანგრევს ამ ქვეყანას. უკიდურესი ზომა, რაც არის ვიზალიბერალიზაციის გაუქმება, არ იყოს გამოყენებული,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა.
როგორც სანიკიძემ აღნიშნა, ქართველები არ უნდა დაისაჯონ ივანიშვილის გამო.
„უახლოეს მომავალში ევროპაში დაგეგმილია არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება, როგორც ვიცი EPP კონგრესი არის დაგეგმილი, ასევე მნიშვნელოვანი შეხვედრები გვექნება ევროპელ პარტნიორებთან, გვექნება დაფიქსირებული პოზიცია, რომ სანქციები გამკაცრდეს კონკრეტული ინდივიდების მიმართ, ვინც ანგრევს ამ ქვეყანას. უკიდურესი ზომა, რაც არის ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არ იყოს გამოყენებული. ქართველები არ უნდა დაისაჯონ ივანიშვილის გამო. ეს არის ცალსახა პოზიცია. უნდა დაისაჯოს „ქართული ოცნება“ თავისი წარმომადგენლებით და არ უნდა დავისაჯოთ თითოეული ჩვენგანი“,-აღნიშნა სანიკიძემ.
მან თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სოციოლოგიურად, პრაგმატულად და პოლიტიკურად არჩევნებში მონაწილეობა წარმოუდგენელია.
„სოციოლოგიურად, პრაგმატულად, პოლიტიკურად წარმოუდგენელია იქ მონაწილეობა. ბატონი გახარია, ბიძინა ივანიშვილთან და დასავლეთიდან გარანტიების მიღების გარეშე აპირებს მონაწილეობის მიღებას. გახარია რომ ამბობდეს, შეიცვალოს და შემოვალ, კიდევ გავიგებდი. მისი პოლიტიკური პარტია ფაქტობრივად ამბობს, რომ ამ წესებით, რაც ივანიშვილს აქვს, აპირებს მონაწილეობას. თუ სისტემური პოზიციონირება უნდა, კი ბატონო, იყოს. ძალიან გაუჭირდება“,- აღნიშნა სანიკიძემ.