“სოფლის მეურნეობის სექტორში დღგ-ს ნულოვან დაბეგვრას ეკონომიკაზე უარყოფითი ეფექტი აქვს” – ეს დასკვნა ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებულ ანგარიშში გვხვდება. სამინისტროს შეფასებით, შეღავათისგან, რომელიც სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე ვრცელდება, უფრო მეტ სარგებელს მაღალი შემოსავლის მქონე შინამეუნეობები იღებენ, რაც უწყების დასკვნით, საგადასახადო შეღავათების სუსტ მიზნობრიობაზე მიუთითებს.
სოფლის მეურნეობის მინისტრის ყოფილი მოადგილე და დარგის სპეციალისტი გოჩა ცოფურაშვილი საქმის კურსთან ინტერვიუში აცხადებს, რომ შეღავათები, რომლის საფუძველზეც სოფლის მეურნეობის კონკრეტული პროდუქტები გათავისუფლებულები არიან დღგ-ის გადახდისგან, გადასახედია.
მისი თქმით, შეღავათი, რომელიც 10 წელია მოქმედებს, ხელს უშლის სექტორის გამსხვილებას, რაც არაერთ პრობლემას ქმნის დარგისთვის. ცოფურაშვილი ამბობს, რომ ეს პროცესი წლებია ინერციით მიდის და კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებას საჭიროებს.
“ყველა გადასახადის შემოღება, გათავისუფლება, აწევა თუ დაწევა უნდა გამოვიყენოთ კონკრეტულად იმ დარგის განვითარებისთვის. საშუალოვადიან და გრძელვადიან პერიოდში წინ უნდა გავიხედოთ. თავის დროზე როცა ეს შეღავათი დაწესდა, ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდა – ზღვარი ჯერ 100 000 ლარი იყო, მერე 200 000 ლარი. რას ნიშნავს, როცა ვსაუბრობთ, რომ უნდა გავერთიანდეთ, კოოპორატივი შეიქმნას, იმიტომ რომ გათითოკაცებული სოფლის მეურნეობა ვერ მუშაობს და ამავდროულად, შეღავათი მაქვს იმ ნაწილში, რომ არ გავფართოვდე და არ შევქმნა დიდი პროდუქცია, იმიტომ რომ თუ გავფართოვდები შეღავათით ვერ ვისარგებლებ.
ის რომ 10 წლის წინ ეს შეღავათი მივიღეთ, დანარჩენი რა გათვლა იყო?! მიიღო გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტრომ, რაც სოფლის მეურნეობის სამინისტროში გააზრებული გვქონდა რა უნდა მოჰყოლოდა ამ შეღავათს, თუმცა გარკვეული პერიოდი გავიდა და ეს უკვე ინერციით მიდის. ამ მოცემულობაში მიშვებულია ეს პროცესი. ზოგიერთები ამბობენ, რომ ფერმერმა იცის და ეს მათი საქმე არ არის. ამ მდგომარეობიდან უნდა გამოვიდეთ”, – აცხადებს სოფლის მეურნეობის მინისტრის ყოფილი მოადგილე და სოფლის მეურნობის დარგის სპეციალისტი გოჩა ცოფურაშვილი.
