“ერთი რამ ცხადია, იაჰია სინვარს ახლა ტანკების, ავიაციისა და ისრაელის თავდაცვის ძალების ოპერაციების ხმები ესმის. ის მალე ჩვენი იარაღის ლულებსაც შეხვდება”. – ამბობს ისრაელის თავდაცვის მინისტრი, იოავ გალანთი ჰამასის ლიდერ იაჰია სინვარზე.
გალანთმა აღნიშნა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები უფრო და უფრო ახლოს არიან ჰამასის განადგურებასთან.
ისრაელის თავდაცვის ძალებისა და თავდაცვის დაწესებულების მოქმედებები გრძელდება. ღაზის სექტორის ჩრდილოეთით, დასახული მიზნების, ჰამასის ბატალიონების ლიკვიდირებისა და მისი მიწისქვეშა შესძლებლობების განეიტრალების ოპერაციები თანდათან სრულდება”. – თქვა გალანთმა.
14 დეკემბერს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებმა ჰამასის ტერორისტული დაჯგუფების ლიდერებზე ჯილდო დააწესა. გამოცემა Times of Israel-ის ცნობით, ისრაელის არმიამ ღაზის სექტორში ბროშურები ჩამოყარა, რომელზეც ჰამასის ლიდერებზე ინფორმაციის სანაცვლოდ მოსახლეობას ფულად ჯილდოს სთავაზობენ.
სოციალურ მედიაში ბროშურების სურათები ვრცელდება, სადაც ჩანს, რომ ჰამასის ლიდერებზე ინფორმაციისთვის ისრაელი ჯამში $1 000 000-ის გადახდისთვის არის მზად: ჰამასის ლიდერის იაჰია სინვარისთვის – $400 000; მისი ძმის, მუჰამედ სინვარისთვის, რომელიც ტერორისტული დაჯგუფების სამხრეთის ბრიგადებს მეთაურობს – $300 000; ხან იუნისის ბატალიონის მეთაურის რაფა სალამეჰზე ინფორმაციისთვის – $200 000, ხოლო ჰამასის სამხედრო მეთაურის მუჰამედ დეიფისთვის – $100 000.
ბროშურაზე IDF-თან საკონტაქტო ტელეფონის ნომერი წერია. ამასთანავე, ინფორმაციის სანაცვლოდ ისრაელი კონფიდენციალურობის დაცვის პირობას დებს.