აშშ-მა კიევს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიების ნეიტრალურ ტერიტორიად გამოცხადება და მასზე აშშ-ის კონტროლის დაწესება შესთავაზა – WSJ
უკრაინა ზეწოლის ქვეშაა, რომ ამ კვირაში უპასუხოს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის იდეებს უკრაინაში ომის დასრულებასთან დაკავშირებით, მათ შორის რუსეთის მიერ 2014 წელს განხორციელებული ყირიმის ანექსიის პოტენციურ აღიარებას აშშ-ის მხრიდან და კიევის ნატო-ში გაწევრიანების დაბლოკვას, – ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.
გამოცემა დასავლურ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება, რომ იდეები ასახული იყო კონფიდენციალურ დოკუმენტში, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებმა ხუთშაბათს პარიზში უკრაინელ კოლეგებს წარუდგინეს და ასევე გააცნეს ევროპელ მაღალჩინოსნებს ერთდღიანი შეხვედრის დროს.
„აშშ ახლა კიევის პასუხს ელოდება, რომელიც, სავარაუდოდ, ამ კვირის ბოლოს ლონდონში აშშ-ის, უკრაინისა და ევროპის ოფიციალური პირების შეხვედრაზე გახდება ცნობილი. შემდეგ, თუ ამერიკული, ევროპული და უკრაინული პოზიციები თანხვედრაში იქნება, წინადადებები შეიძლება მოსკოვს წარედგინოს“, – წერს The Wall Street Journal-ი.
დასავლელი ოფიციალური პირების თქმით, აშშ-ის კიდევ ერთი იდეა ითვალისწინებს ზაპოროჟიეში ბირთვული რეაქტორის მიმდებარე ტერიტორიის ნეიტრალურ ტერიტორიად გამოცხადებას, რომელიც შესაძლოა ამერიკის კონტროლის ქვეშ მოექცეს.
დონალდ ტრამპმა მარტში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისას აშშ-ის მიერ უკრაინულ ელექტროსადგურების, მათ შორის ბირთვული ობიექტების, შეძენის შესაძლებლობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი „ამ ინფრასტრუქტურის საუკეთესო დაცვა“ იქნებოდა.
ipn.ge