“ბიზნესის კეთებას განწყობა სჭირდება, რომელიც არ არის” – რა აწუხებს ბიზნესს კახა ხაზარაძის აზრით?

„როგორც ერთ-ერთი მსხვილი გადამხდელი, ვალდებული ვარ, შევაფასო მთავრობა თუ ის არასწორ ნაბიჯებს დგამს“ – ასე ფიქრობს ICR ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კახა ხაზარაძე, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას ერიდება, მაგრამ თავს იკავებს იმ ბიზნესმენების შეფასებისგან, ვისაც ამ დრომდე არაფერი უთქვამს.
„ვთვლი, რომ როგორც ერთ-ერთი მსხვილი გადამხდელი, ვალდებული ვარ, შევაფასო მთავრობა თუ ის არასწორ ნაბიჯებს დგამს… რა თქმა უნდა, დღეს კრიტიკული აზრი არავის მოსწონს და ასეთ ბიზნესმენებს პოლიტიკურად ნათლავენ და აქედან გამომდინარე ისინი ერიდებიან [საკუთარი პოზიციის გამოხატვას], მაგრამ ვფიქრობ, არჩევანს როცა ვაკეთებთ, უნდა ჩამოვყალიბდეთ – ამ ქვეყანაში ბიზნესს ვაკეთებთ თუ მხოლოდ ფულს. ერთხელ ვცხოვრობთ ამ ქვეყანაზე, ბოლოს და ბოლოს ერთ სამშობლო გვაქვს და გამოუსწორებელი შეცდომებi არ უნდა დავუშვათ. კრიტიკულ მომენტში სიჩუმე ღალატის ტოლფასია“, – განაცხადა ბიზნესმენმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში.
ამასთან, კახა ხაზარაძემ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ პლატფორმა Freebusiness.ge-ზე თავისუფალი ბიზნესების საკმაოდ დიდი ჯგუფი გაერთიანდა და მთავრობას პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის ძალიან კონკრეტული გზა შესთავაზა – სინდისის პატიმრების გათავისუფლება და ახალი ს ჩატარება.
„მიმაჩნია, რომ ეს ერთადერთი გამოსავალია და რაც დრო გადის, უფრო აქტუალური ხდება. ვხედავთ, სიტუაცია კიდევ მეტად არის დამძიმებული ქვეყანაში, რაც მოსალოდნელიც იყო“, – თქვა ბიზნესმენმა და იქვე დასძინა, რომ ამ ვითარებაში არათუ უცხოური, არამედ ადგილობრივი ინვესტიციებიც ნაკლებად სავარაუდოა.
„გარე ინვესტიციები, პრაქტიკულად, არ შემოდის, ხოლო შიდა ინვესტიციებს ისინი ახორციელებენ, ვისაც რაღაც პროექტი დაწყებული ჰქონდა…. იცით, ბიზნესის კეთებას განწყობა სჭირდება, განწყობა კი არ არის, მაგრამ არსებობს ვალდებულება იმ 1000-მდე თანამშრომლის წინაშე, ვინც კომპანიაში მუშაობს და ჩვენ, ფაქტობრივად, არსებულ სიტუაციაში მიმდინარე პროცესებს მივყვებით. ახალ ინვესტიციებს არც განვიხილავთ. თეორიულად ვემზადებით სხვადსხვა ტიპის კრიზისთვის“, – ამბობს ბიზნესმენი.
მისივე თქმით, „საკმაოდ გართულებულია უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობაც, რადგან არათუ ახალი ინვესტიცია, არსებული ინვესტიციების გაჩერებასაც კი განიხილავენ“.
„ICR ჯგუფის ძირითადი პარტნიორები ევროკავშირის ქვეყნებიდან არიან და მთავრობის ქმედებებს საკმაოდ ნეგატიურად აღიქვამენ. გრძელვადიანი კი არა მოკლევადიანი პროექტების დახურვასაც ფიქრობენ, რადგან პერსპექტივას ვერ ხედავენ, მით უმეტეს რაც საუბარი დაიწყო ვიზალიბერალიზაციის შეჩერების რისკებზე და კითხულობენ – მართლა ასე იქნება?!“, – თქვა ბიზნესმენმა.
„რა აწუხებს დღეს ქართულ ბიზნესს ყველაზე მეტად, მთ შორის ჩუმად მყოფებსაც?“ – „ყველას აწუხებს უსამართლო სასამართლო. ყველას უნდა, რომ არსებობდეს ორგანო, სადაც საკუთარი ინტერესის დაცვას გამჭვირვალედ შეძლებს“, – ასე უპასუხა კხა ხაზარაძემ „წერტილის“ წამყვანის კითხვას.
„აი სი არ ჯგუფი“ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჯგუფია საცალო ბიზნესის სფეროში საქართველოში. კომპანიამ 1993 წელს დაიწყო საქმიანობა ქართულ ბაზარზე და ამჟამად 1000-მდე თანამშრომელი ჰყავს. „აი სი არ ჯგუფი“ წარმოადგენს ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, აქსესუარების, ავეჯის საერთაშორისო ბრენდებსა და კვების ობიექტებს.