თინათინ ბერძენიშვილი: ვაძლევ თავს უფლებას, ვთქვა, რომ ვინაიდან მაუწყებელს აქვს ახალი საკანონმდებლო, მათ შორის ახალი დაფინანსების ჩარჩო, ეს ის საზოგადოებრივი მაუწყებელი აღარ არის, რომელიც იყო

მე ვაძლევ ჩემს თავს უფლებას, ვინაიდან საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს ახალი საკანონმდებლო ჩარჩო, მათ შორის ახალი დაფინანსების საკანონმდებლო ჩარჩო, ვთქვა, რომ ეს ის საზოგადოებრივი მაუწყებელი აღარ არის, რომელიც იყო. ეს არის ფაქტი, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა სამეურვეო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

როგორც ბერძენიშვილმა აღნიშნა, 2021-2026 წლამდე მაუწყებლის დაფინანსების სქემა, მათ შორის იურიდიული ჩარჩო, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელს ამ დრომდე ჰქონდა, შეცვლილია.

„2021 წელს, როდესაც მე ამირჩიეს, ყველაზე მეტი შეკითხვა გქონდათ ბორდის წევრებს, შევძლებდი თუ არა მე ურთულესი პროექტის დასრულებას, რომელიც არის ახალი ტელევიზია. უფრო მეტიც, სამართლიანობისთვის უნდა ვთქვა, რომ სხვა კანდიდატებისგან განსხვავებით, მე მქონდა ის უპირატესობა, რომ უკეთესად ვიცოდი ამ პროექტის შესახებ. ვმუშაობდი წინა გენერალური დირექტორის პირველ მოადგილედ, ჩვენ ერთად დავგეგმეთ ეს პროექტი. ეს უპირატესობა სამეურვეო საბჭომაც საუკეთესოდ გამოიყენა და სწორედ იმიტომ აირჩია გენერალური დირექტორი, რომ მეგაპროექტი, რომელიც არის ახალი შენობის მშენებლობა, მიეყვანა ბოლომდე.

დავიწყეთ პროექტი 2021-2022 წელს, პანდემიის პერიოდი იყო, შემდეგ დაიწყო ომი, მივედით 2024 წლამდე, სადაც გვაქვს ახალი მოცემულობა, გვაქვს ორი ბიუჯეტი და პროგნოზი. 106 მილიონი მხოლოდ გვიხდებოდა 2026 წელს. ჩვენი შეთანხმებით, ჩემი კონტრაქტი თქვენთან ასეთი იყო წარსულში, რომ მშპ, რომელიც იყო მზარდი და ჯამურად 2026 წლამდე შეადგენდა 33 მილიონ ლარს, ეს თანხა უნდა დაგვეგროვებინა კაპიტალურ ხარჯებში, გაგვეყინა საოპერაციო ხარჯი, გვემოქმედა იმ გადაცემებით და კაპიტალური ხარჯით უნდა აგვეშენებინა შენობა, იმის მაგივრად, რომ კიდევ მეტი გადაცემა გაგვეჩინა ტელევიზიით ან რადიოთი. ჩვენ ახლა სხვა მოცემულობა გვაქვს“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.

საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის თქმით, დაფინანსების ახალ წესთან დაკავშირებით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მიმართა ევროპის მაუწყებელთა კავშირს.

„ძალიან კარგად დაემთხვა, რომ გვქონდა ევროპის მაუწყებელთა კავშირის ახალი ამბების ასამბლეა. ჩამოსული იყვნენ ევროპის 56 ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებლის ნიუსრუმის ხელმძღვანელები. ევროპის მაუწყებელთა კავშირის გენერალური დირექტორი ნოელ კურანი შევახვედრეთ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს და დავიწყეთ კონსტრუქციული დიალოგი, გავცვალეთ პოზიციები. მივაღწიეთ იმას, რომ შევინარჩუნეთ საზოგადოებრივი მაუწყებლის ფინანსური დამოუკიდებლობა. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ჩვენ გავაკეთეთ. მივედით მოდელთან, რომელიც ნამდვილად კონსტრუქციულად არ არის ცუდი, რადგან დასაქმებული ადამიანების გადასახადზე იქნება მიბმული. მივედით მოდელამდე, რომელიც, პირობითად, პენსიონერის, ბავშვის გადასახადიდან აღარ იქნება გადახდილი საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტში და ის აღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.

ამასთან, თინათინ ბერძენიშვილმა სამეურვეო საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ გადაცემების დახურვის თითოეული გადაწყვეტილება მტკივნეული იყო.

„მე არ ვაპირებ საუბარს, რომელი გადაცემა რომელს სჯობდა, რადგან ყველა გადაცემა, ჩვენი მენეჯმენტის დროს გაიხსნა, დაფრთიანდა და ძალიან მოგვწონდა, გვიყვარდა და ძალიან ვამაყობდით. ცხადია, თითოეული გადაწყვეტილება ჩვენთვის იქნებოდა მტკივნეული, მაგრამ რაღაც კრიტერიუმზე უნდა დავმდგარიყავით“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.

„თანამშრომლებს ვეტყვი, რომ ნამდვილად ძალიან რთული დღეები კიდევ გვაქვს წინ. ეს არ არის მარტივი პროცესი. იყო თუ არა ეს ჩვენი არჩევანი – არ იყო. ეს იყო მოცემულობა და მგონია, იმ მოცემულობიდან და პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, რომელიც მენეჯმენტს გვაქვს, გამოვედით და გამოვალთ ძალიან ღირსეულად“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.