20 აპრილს რომის პაპი ფრანცისკე, რომელმაც ცოტა ხნის წინ ორმხრივი პნევმონია გადაიტანა, წარსდგა წმინდა პეტრეს ტაძრის მოედანზე, რათა ათასობით მორწმუნეთათვის აღდგომის დღესასწაული მიელოცა.
88 წლის პონტიფექსი წმინდა პეტრეს ბაზილიკის აივანზე ინვალიდის ეტლით გაიყვანეს. ფრანცისკემ ხელი დაუქნია ქვემოთ შეკრებილ მორწმუნეებს და მიმართა: “ძვირფასო ძმებო და დებო, გილოცავთ აღდგომას”.
კურთხევის შემდეგ პაპმა ფრანცისკემ ტრადიციული შემოვლა გააკეთა მოედანზე სპეციალური ღია “პაპამობილით”. მსვლელობა რამდენჯერმე შეჩერდა, რათა პონტიფექსს შესძლებოდა ჩვილების დალოცვა.
პაპამა წარმოთქვა ტრადიციული Urbi et Orbi (“ქალაქსა და მსოფლიოს”), თავად მიმართვის ტექსტი კი წაიკითხა არქიეპისკოპოსმა დიეგო ჯოვანი რაველიმ.
“არ შეიძლება იყოს მშვიდობა რელიგიის თავისუფლების, აზროვნების თავისუფლების, მოსაზრებების გამოხატვის თავისუფლებისა და სხვების შეხედულებების პატივისცემის გარეშე”, – ნათქვამია პაპის მიმართვაში, რომელშიც მნიშვნელოვანი ადგილი აქვს დათმობილი ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტისა და სხვა კონფლიქტების დარეგულირებისთვის ძალისხმევის გაღების მოწოდებას.
რომის პაპმა მკაცრად დაგმო ანტისემიტიზმი და ომი ღაზას სექტორში: “პალესტინასა და ისრაელში ტანჯულ ქრისტიანებს, ასევე ისრაელისა და პალესტინის მთელ ხალხს ვუცხადებ ჩემს სიახლოვეს”.
რომის პაპის თქმით, მისი ფიქრები ორიენტირებულია ღაზას სექტორში მყოფ ადამიანებზე, სადაც “მიმდინარე საშინელი კონფლიქტი სიკვდილსა და ნგრევას იწვევს და იწვევს დრამატულ და დაუშვებელ ჰუმანიტარულ სიტუაციას”: „მივმართავ კონფლიქტის მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ, მძევლების გათავისუფლებისკენ. დავეხმაროთ ადამიანებს, რომლებიც შიმშილით იტანჯებიან და მშვიდობიანი მომავლისკენ ისწრაფვიან!”
ვატიკანის მეთაურმა ასევე გაიხსენა ადამიანები იემენში, რომლებიც ომის გამო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ხანგრძლივ კრიზისს განიცდიან. კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარი გამოვიდა მოწოდებით, გაძლიერდეს მშვიდობის მცდელობები უკრაინაში, სამხრეთ კავკასიაში, ასევე აფრიკის ქვეყნებში, კერძოდ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, სუდანსა და სამხრეთ სუდანში.
პაპი ფრანცისკე პოლიტიკურ ლიდერებს მოუწოდებს ხელმისაწვდომი რესურსების მიმართვისკენ შეჭირვებულთა დასახმარებლად, შიმშილის წინააღმდეგ საბრძოლველად და განვითარების ხელშემწყობი ინიციატივების მხარდასაჭერად.
“როგორც ჩვენი ყოველდღიური ქცევის ორიენტირი, ადამიანურობის პრინციპი არასოდეს არ უნდა დაიკარგოს”, – განაცხადა პაპამა ფრანცისკემ, რომლის თქმითაც, წლევანდელი სააღდგომო დღესასწაული უნდა იქნას გამოყენებული სამხედრო ტყვეებისა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების საბაბად.
ფორუმი
