დონალდ ტრამპის ყოფილი ადვოკატი თავს გაკოტრებულად აცხადებს მას შემდეგ, რაც სასამართლომ 148 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა

დონალდ ტრამპის ყოფილმა ადვოკატმა და ნიუ-იორკის ყოფილმა მერმა, თავი გაკოტრებულად გამოაცხადა. რუდი ჯულიანიმ ნიუ-იორკის ფედერალურ სასამართლოს გაკოტრების პროცედურის ოფიციალურად დასაწყებად მიმართა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ჯულიანი დამნაშავედ ცნეს ჯორჯიის შტატის ფულტონის საგრაფოს საარჩევნო კომისიის წევრების რეპუტაციის შელახვაში და 148 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრეს.
საქმე 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდს ეხება, როდესაც ჯულიანიმ საარჩევნო კომისიის წევრები – შეი მოსი და რუბი ფრიმანი გაყალბებაში საჯაროდ დაადანაშაულა. სასამართლომ დაადგინა, რომ ჯულიანის ბრალდება ყალბი და რეპუტაციის შემლახავი იყო.
ტრამპის ყოფილი ადვოკატი ირწმუნება, რომ 100-დან 500 მილიონამდე ვალდებულებები აქვს. მისი აქტივები კი მხოლოდ 10 მილიონ დოლარამდეა. გარდა ამისა, ჯულიანის გადასახდელი აქვს, დაახლოებით, მილიონი დოლარის გადასახადები და დაგროვილი აქვს ადვოკატების ვალიც. გაკოტრების პროცედურამ ნიუ-იორკის ყოფილ მერს, წესით, ვალების აცილების ან რეორგანიზაციის საშუალება, ასევე, აპელაციისთვის დრო უნდა მისცეს, თუმცა ფედერალური მოსამართლის თქმით, საარჩევნო კომისიის მოსარჩელეებს შეუძლიათ თავიანთი ვალი ჯულიანისგან უკვე ამოიღონ.
რუდი ჯულიანის წინააღმდეგ, ცილისწამებისა და რეპუტაციის შელახვისთვის კიდევ 3 სამოქალაქო საქმე არსებობს, თუმცა სასამართლო განხილვები ამ საქმეებზე ჯერ არ დაწყებულა. წაგების შემთხვევაში, ნიუ-იორკის ყოფილი მერის ვალი უფრო გაიზრდება. კიდევ ერთი, სისხლის სამართლის საქმე, ჯულიანის წინააღმდეგ, ჯორჯიაში, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შესაცვლელად კონსპირაციის საქმეს ეხება. ნიუ-იორკის ყოფილ მერთან ერთად 18 ადამიანია ბრალდებული, მათ შორის – ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრმა 2024 წლის ანგარიში გამოაქვეყნა სადაც სასამართლოს დამოუკიდებლობის ინდექსში საქართველოს 10-ბალიანი შეფასების სისტემით 6.63 ქულა აქვს და წინ უსწრებს მრავალ წამყვან ქვეყანას, ის მსოფლიოში 36-ე, ევროპაში კი მე-20 ადგილზეა

IRI სხვადასხვა ქვეყანაში უნდა ახორციელებდეს მნიშვნელოვან პროექტებს და არ უნდა იყოს ეჭვმიტანილი რადიკალურ ჯგუფებთან თანამშრომლობაში. მოვუწოდებ ჯონ დიპიროს, ფრთხილად იყოს, არ ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში