19 აპრილს ღამით თბილისში მიმდინარე აქციის მონაწილეებმა გმირთა მემორიალთან გაიმეორეს ახალგაზრდების მიერ ერთი წლის დადებული ფიცის ტექსტი, რომელიც ამჯერად პატიმრობაში მყოფი ზვიად ცეცხლაძის მამამ, ზურაბ ცეცხლაძემ წაიკითხა.
გმირთა მემორიალთან ფიცის დადების შემდეგ, აქციის მონაწილეებმა მოისმინეს თვითონ ზვიად ცეცხლაძის საპატიმროდან გამოგზავნილი სატელეფონო მიმართვა:
„თანამებრძოლებო, უკვე დიდი ხანია, თქვენ სამართალს ითხოვთ, ითხოვთ ახალ არჩევნებს, პატიმრების გათავისუფლებას, მაგრამ არსებობს ერთადერთი მოთხოვნა, რომელიც გამარჯვებას მოგიტანთ – გადადგეს „ქართული ოცნება“ – მივმართავ “ოცნებას” და მათ მომხრეებს, თუ გსურთ მშვიდობა, დათმეთ ძალაუფლება. თქვენ ჩვენთან ბრძოლას ვერ მოიგებთ, რადგან ჩვენთან არს ღმერთი“.
ზვიად ცეცხლაძემ თანამოქალაქეებს მოუწოდა, აირჩიონ ან შიშისა და ლაჩრობის გზა, ან ბრძოლისა და რევოლუციისა.
„როდესაც ურიცხვი ბოროტი ქმედება ხდება მთავრობის მთავარი იარაღი, ხალხის მოვალეობაა დაამხოს ასეთი მთავრობა და დაიცვას დემოკრატია. ჩვენ დიდი ხანი ვითმინეთ. ვითმინეთ ოჯახის წევრების დასისხლიანება, გაგუდვა, გატაცება, დაპატიმრება, ციხეებში წამება, ღირსების შელახვა – ამან რეჟიმი მხოლოდ გაათამამა. მათ მოთმინება და მიმტევებლობა სისუსტედ ჩაგვითვალეს, დიდსულოვნება კი შიშად. ნათელია: ოლიგარქი თავის მიზანს არ დათმობს, რუსეთს არ შეელევა – ეს მათთვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხის და იგი დათმობაზე მხოლოდ მაშინ წავა, თუ იძულებულს გავხდით. ჩვენ ორი გზა გვაქვს: შიშის და ლაჩრობის გზა, რომელსაც თუ ჰუმანურობით შევფუთავთ, გვაქცევს რუსეთის გუბერნიად, სადაც ვიქნებით უსუსურები უსამართლობის წინაშე, სადაც ნამუსს ახდიან ჩვენს მებრძოლ ქალებს, სადაც ჩვენივე ღირსებას ჩაგვაფლობინებენ მიწაში. ან ბრძოლისა და რევოლუციის გზა, სადაც მონობაში სიცოცხლეს თავისუფლებაში სიკვდილს ვამჯობინებთ, სადაც დავიცავთ ჩვენს დემოკრატია ღირსებას და ფიცს. ჰოდა, აირჩიე ქართველო ერო“.
მივმართავ “ოცნებას” და მათ მომხრეებს, თუ გსურთ მშვიდობა, დათმეთ ძალაუფლება. თქვენ ჩვენთან ბრძოლას ვერ მოიგებთ, რადგან ჩვენთან არს ღმერთი და თუ ღმერთი ჩვენს მხარესაა, მაშინ ვინღაა ჩვენს წინააღმდეგ? გაუმარჯოს ერთიან და დამოუკიდებელ საქართველოს”, – ამბობს ზვიად ცეცხლაძე.
ზვიად ცეცხლაძე – 19 წლის სტუდენტი და ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონის“ დამფუძნებელი, დაკავებულია ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის ბრალდებით. პროკურატურის მტკიცებით, მან მონაწილეობა მიიღო 2024 წლის დეკემბერში გამართულ საპროტესტო აქციებზე, სადაც, გამოძიების თქმით, ძალადობრივი ქმედებები განხორციელდა .
ბრალდების თანახმად, ზვიად ცეცხლაძემ მოუწოდა მონაწილეებს დაემზადებინათ ფარები და სხვა ნივთები. ასევე გამოიყენეს პიროტექნიკა და ქვები, რაც, პროკურატურის თქმით, მიზნად ისახავდა ძალადობრივი მოქმედებების განხორციელებას .
ზვიად ცეცხლაძესთან ერთად დაკავებულები არიან ვეფხია კასრაძე და ვასილ კაძელაშვილი, რომელთაც იგივე ბრალდებები წარედგინათ. დანარჩენ ხუთ პირს, მათ შორის 19-34 წლის ასაკის ახალგაზრდებს, ედავებიან ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას .
ადვოკატები და სამოქალაქო ორგანიზაციები, მათ შორის „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, აღნიშნავენ, რომ ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებულია და არ არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს ორგანიზებულ ძალადობას .
ზვიად ცეცხლაძე უარყოფს ბრალდებებს და აცხადებს, რომ არ ყოფილა არანაირი წინასწარი შეთანხმება ან ორგანიზება.
ფორუმი
