საქართველოს კათალისკოს-პატრიარქის, ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლეში ვკითხულობთ, რომ საეკლესიო დღესასწაულთა შორის ყველაზე გამორჩეული ადგილი აღდგომას აქვს, რადგან სწორედ იგია „წინასახე ზეციურ უხრწნელებაში ჩვენთვის მარადიული სიცოცხლის მონიჭებისა“ – ეს კი ნიშნავს იმას, წერს საქართველოს პატრიარქი, რომ როდესაც ჩვენ ვზეიმობთ უფლის აღდგომას, ამავე დროს, ვდღესასწაულობთ “უხრწნელი სხეულით ჩვენს მომავალ დამკვიდრებას ცათა შინა”:
„იესო ქრისტემ მოგვცა მაგალითი როგორც ამქვეყნად სწორად ცხოვრებისა, ისე გვიჩვენა მისი შედეგიც,- სასუფეველში მართალთა დამკვიდრებისა“.
საქართველოს პატრიარქი ეხება დღეს მსოფლიოში არსებულ ვითარებას და წერს, რომ „მრავალგვარი რთული პროცესი მიმდინარეობს:
„დროც, თითქოს, დაჩქარდა; მოვლენებიც და შეხედულებებიც სწრაფად იცვლება; დაპირისპირებულობა, არასტაბილურობა, ეკოლოგიური პრობლემები, მუდმივი სტრესი, ომები … ჩვენს საერთო რეალობად იქცა. მშვიდობის მოსურნეთა მონდომება დიდია, თუმცა შედეგის მიღწევა იოლად არ ხდება …არსებულმა ვითარებამ ყველა უფრო მეტად უნდა დააფიქროს სიცოცხლის არსზე და მარადიულ ღირებულებებზე“ – წერს ილია მეორე და მოუწოდებს მრევლს აირჩიოს სიკეთე და სიცოცხლე,
„ამით დაამტკიცებ, რომ აფასებ ღვთის სიყვარულსა და მსხვერპლს შენს გადასარჩენად გაღებულს და აფასებ საკუთარ სიცოცხლეს, – შემოქმედის უდიდეს წყალობას შენდამი“, – წერია სააღდგომო ეპისტოლეში.
ილია მეორე მორწმუნეებს მიმართავს და წერს , რომ ყველას უნდა ახსოვდეს, რომ აღდგომა არის მარადიულობის იმედი და მწუხარების განქარვების დღე, აღდგომაა მტრობის დამარცხება, შურზე, ბოროტებაზე და სიკვდილზე გამარჯვება; აღდგომაა პატიება, გამოსყიდვა და სიხარული; აღდგომაა სიყვარულის ზეიმი და შესაძლებლობა საუფლო სხეულში ყველას განახლებისა და ქრისტეში გაერთიანებისა.
„როგორი წარმოუდგენელია, რომ ღმერთი შენს გვერდით, შენი ცხოვრებით ცხოვრობს; უცოდველი ცოდვილთა შორის ჩვენს მძიმე ხვედრს ტვირთულობს, რათა მოგვცეს მაგალითი რწმენის, სიწმინდის, დათმენის, სიკეთის, სიყვარულის … და რეალურად დაგვანახოს, როგორი უნდა იყოს ადამიანი“ – წერია სააღდგომო ეპისტოლეში.
პატრიარქი მოუწოდენს მრევლს დათმენის და სიყვარულისკენ და არაერთგზის მოჰყავს იესო ქრისტეს მაგალითი.
„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი არა მარტო იესო ქრისტეს გამოუტანა, არამედ საკუთარ თავსაც, რადგან ამიერიდან ქრისტეს მიმდევართათვის ხსნა სულიერ ჯვარცმას დაუკავშირდა.
რა თქმა უნდა, მძიმეა ეს გზა, ეს ჯვარი, მაგრამ, ამასთან, მადლმოსილია იგი და მიმზიდველი, ერთადერთია და გადამრჩენელი; ამიტომაც ჰყავს ქრისტეს ეკლესიას ჩვენთვის ცნობილი თუ უცნობი ამდენი წმინდანი და ერთგული შვილი“, – ვკითხულობთ პატრიაარქის სააღდგომო ეპისტოლეში.
ილია მეორე კიდევ ერთხელ შეახსენებს მორწმუნეებს, რომ რწმენა აძლევს აზრს ყოფის იმ წესს, რაც მათ უფალმა ასწავლა და რაც გულისხმობს: სხვათადმი მსახურებას, თავმდაბლობას, დათმენას, თანაგრძნობას, თანადგომას, ზნეობრიობას, მშვიდობისმყოფელობას, გულის სიწმინდეს, სულის სიმტკიცეს, უშურველობასა და თავდადებას.
საქართველოს პატრიარქის ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლე სიონის საკათედრო ტაძარშიც წაიკითხეს, სადაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ შეკრებილ მრევლს აღდგომის დღესასწაული მიულოცა.
ფორუმი
