თანამებრძოლებო, უკვე დიდი ხანია, თქვენ სამართალს ითხოვთ, ითხოვთ ახალ არჩევნებს, პატიმრების გათავისუფლებას, მაგრამ არსებობს ერთადერთი მოთხოვნა, რომელიც გამარჯვებას მოგიტანთ – გადადგეს „ქართული ოცნება“ – მივმართავ “ოცნებას” და მათ მომხრეებს, თუ გსურთ მშვიდობა, დათმეთ ძალაუფლება. თქვენ ჩვენთან ბრძოლას ვერ მოიგებთ, რადგან ჩვენთან არს ღმერთი,- ამის შესახებ აქციების დროს დაკავებული ზვიად ცეცხლაძე ციხიდან გამოგზავნილ ხმოვან შეტყობინებაში აცხადებს, რომელიც გმირთა მოედანზე მისულმა აქციის მონაწილეებმა ჩართეს.
ცეცხლაძე თანამოქალაქეებს მოუწოდებს აირჩიონ ან შიშისა და ლაჩრობის გზა, ან ბრძოლისა და რევოლუციის.
„თანამებრძოლებო, ამ წუთებში ათობით აღელვებული გმირი შემოგცქერით და ნატრობს, რომ თქვენთან ერთად დებდეს ფიცს გმირების წინაშე. თანამებრძოლებო, უკვე დიდი ხანია, თქვენ სამართალს ითხოვთ, ითხოვთ ახალ არჩევნებს, პატიმრების გათავისუფლებას, მაგრამ არსებობს ერთადერთი მოთხოვნა, რომელიც გამარჯვებას მოგიტანთ – გადადგეს „ქართული ოცნება“. როდესაც ურიცხვი ბოროტი ქმედება ხდება მთავრობის მთავარი იარაღი, ხალხის მოვალეობაა დაამხოს ასეთი მთავრობა და დაიცვას დემოკრატია. ჩვენ დიდი ხანი ვითმინეთ. ვითმინეთ ოჯახის წევრების დასისხლიანება, გაგუდვა, გატაცება, დაპატიმრება, ციხეებში წამება, ღირსების შელახვა – ამან რეჟიმი მხოლოდ გაათამამა. მათ მოთმინება და მიმტევებლობა სისუსტედ ჩაგვითვალეს, დიდსულოვნება კი შიშად. ნათელია: ოლიგარქი თავის მიზანს არ დათმობს, რუსეთს არ შეელევა – ეს მათთვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხის და იგი დათმობაზე მხოლოდ მაშინ წავა, თუ იძულებულს გავხდით. ჩვენ ორი გზა გვაქვს: შიშის და ლაჩრობის გზა, რომელსაც თუ ჰუმანურობით შევფუთავთ, გვაქცევს რუსეთის გუბერნიად, სადაც ვიქნებით უსუსურები უსამართლობის წინაშე, სადაც ნამუსს ახდიან ჩვენს მებრძოლ ქალებს, სადაც ჩვენივე ღირსებას ჩაგვაფლობინებენ მიწაში. ან ბრძოლისა და რევოლუციის გზა, სადაც მონობაში სიცოცხლეს თავისუფლებაში სიკვდილს ვამჯობინებთ, სადაც დავიცავთ ჩვენს დემოკრატია ღირსებას და ფიცს. ჰოდა, აირჩიე ქართველო ერო. მივმართავ “ოცნებას” და მათ მომხრეებს, თუ გსურთ მშვიდობა, დათმეთ ძალაუფლება. თქვენ ჩვენთან ბრძოლას ვერ მოიგებთ, რადგან ჩვენთან არს ღმერთი და თუ ღმერთი ჩვენს მხარესაა, მაშინ ვინღაა ჩვენს წინააღმდეგ? გაუმარჯოს ერთიან და დამოუკიდებელ საქართველოს”, – ამბობს ზვიად ცეცხლაძე.
შეგახსენებთ, თბილისში მიმდინარე აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს. ფიცის ტექსტი აქციების დროს დაკავებული ზვიად ცეცხლაძის მამამ, ზურაბ ცეცხლაძემ წაიკითხა. როგორც ზურაბ ცეცხლაძემ განაცხადა, ის, რომ ტექსტი მას წაეკითხა, თავად მისი შვილის სურვილი იყო. ასევე მან აქციის მონაწილეებს უთხრა, რომ ამიერიდან მათი წინამძღოლი იქნება ყველა ბრძოლაში რომელიც საქართველოს კეთილდღეობისთვის გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ გასული წლის 19 აპრილს სტუდენტებმა ასევე დადეს გმირთა მემორიალთან ფიცი, რომელიც მაშინ ზვიად ცეცხლაძემ წაიკითხა.
რაც შეეხება დღევანდელი ფიცის ტექსტს, ასეთია:
„ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები ქართველი პატრიოტები, შევიკრიბეთ აქ, გმირთა მოედანზე, რათა პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას და დავდოთ ფიცი მათი სულების წინაშე. ვფიცავ, რომ არასდროს დავთმობ მათი სიცოცხლის ფასად მოპოვებულ თავისუფლებას! ვფიცავ, რომ არასდროს შევეგუები ძალას, რომელმაც ჩვენი ქვეყნის მტრისთვის რუსეთისთვის დათმობას ცდილობს, ვიდგებით ერთმანეთის მხარდამხარ და დავიცავთ საქართველოს სახელმწიფოებრიობას, ჩვენს ენას, ჩვენს მამულს, ჩვენს ერთობას და რწმენას. ვფიცავ! ვფიცავ! ვფიცავ! გაუმარჯოს ერთიან და დამოუკიდებელ საქართველოს“.
გარდა ამისა, ზურაბ ცეცხლაძემ განაცხადა, რომ დღევანდელი აქცია მისი შვილის, ზვიად ცეცხლაძის ორგანიზებულია, თუმცა თქვა ისიც, რომ ურჩიეს, სიტყვა „ორგანიზებული“ არ გამოიყენოს. ცეცხლაძის განმარტებით, მას უთხრეს, რომ შესაძლოა, ამის გამო “მის შვილს ციხეში მდგომარეობა დაუმძიმდეს”. აღნიშნულზე, თავად დაკავებულის პასუხი, ზურაბ ცეცხლაძის განცხადებით, ასეთია: „დახვრეტა ჯერ არ არის, ციხეში ისედაც ვზივარ“.
მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეებმა ზურაბ ცეცხლაძესთან ერთად ფიცის ტექსტი წაიკითხეს, ციხიდან ზვიად ცეცხლაძის ხმოვან შეტყობინებას მოუსმინეს. ასევე, მათ საქართველოს ჰიმნი შეასრულეს. აქციის მონაწილეები კვლავ მსვლელობით ქაშვეთის ტაძრისკენ გაემართებიან.
ცნობისთვის, სტუდენტები და მიმდინარე საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებულთა მშობლები პარლამენტიდან მსვლელობით გმირთა მოედანზე მივიდნენ. დემონსტრანტები გმირთა მემორიალთან ფიცის დადების ცერემონიალს მართავენ. აქციის მონაწილეებს სამართალდამცავებმა გზის სავალი ნაწილის ერთი ზოლის გადაკეტვის ნებართვა მისცეს და სწორედ, ასე იარეს მსვლელობით მათ საკანონმდებლო ორგანოდან გმირთა მოედნამდე. აღნიშნულ აქციას მსვლელობით „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ შეკრებილები დემონსტრანტები შეუერთდნენ და ფიცის დადების შემდეგისინი მსვლელობით კვლავ პარლამენტისკენ გაემართებიან.
აქციის მონაწილეები აპირებენ, აღდგომის დღესასწაულს ერთად, ქაშვეთის ტაძართან შეხვდნენ. დღეს, პროტესტის 143-ე დღეა. მოთხოვნები უცვლელია – ისინი ხელახალი არჩევნების დანიშვნას და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას მოითხოვენ. თბილისის პარალელურად აქციები დაგეგმილია რეგიონებშიც.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტთან მივიდა, სადაც სტუდენტებისა და აქციების დროს დაკავებულთა მშობლების მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს.
ის აქციების პერიოდში დაკავებულების ოჯახის წევრებს შეხვდა.
“თქვენი შვილები, რომლებიც პატიმრები არიან, ჩვენზე უფრო თავისუფლები არიან და დარწმუნებული ვარ, მალე ჩვენთან ერთად იქნებიან” – მიმართა ზურაბიშვილმა დაკავებულთა მშობლებს.
წყარო: ipn.ge
