ვოლოდიმირ ზელენსკი: დროებითი ცეცხლის შეწყვეტის პერიოდში რუსეთის ქმედებებს სარკისებურად ვუპასუხებთ

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მოსკოვის მიერ გამოცხადებული 30-საათიანი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს სამხედრო მოქმედებების ასევე დროებით შეჩერებით უპასუხებს. თუმცა, ამასთან, უკრაინის პრეზიდენტი პირობას დებს, მოსკოვის მიერ დროებითი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში, კიევი მოსკოვის ქმედებებს სარკისებურად გაიმეორებს.

“თუ ახლა მოულოდნელად მზად არის, ჩაერთოს სრული და უპირობო უმოქმედობის ფორმატში, ც შესაბამისად მოიქცევა – სარკისებურად გაიმეორებს რუსეთის ქმედებებს. უმოქმედობა – უმოქმედობის საპასუხოდ, თავდაცვითი იერიშები – თავდასხმების საპასუხოდ”. – წერს ზელენსკი.

ამავდროულად, უკრაინის პრეზიდენტი გამოვიდა წინადადებით, პუტინის მიერ გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი აღდგომის დღის შემდეგაც გახანგრძლივდეს. ზელენსკის თქმით, “30 დღე მშვიდობისთვის შანსის მისაცემად საკმარისი იქნებოდა”.

“თუ ცეცხლი ნამდვილად სრულად შეწყდება, უკრაინა გამოდის წინადადებით, [რეჟიმი] აღდგომის დღის, 20 აპრილის შემდეგაც გახანგრძლივდეს. ეს არის ის, რაც რუსეთის ჭეშმარიტ განზრახვებს გამოააშკარავებს, ვინაიდან 30 საათი ახალ ამბებში გამოჩენისთვის საკმარისია, თუმცა არა რეალურად დარწმუნებისთვის. 30 დღე მშვიდობისთვის შანსის მისაცემად საკმარისი იქნებოდა”. – დაწერა პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, მიუხედავად ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმებისა, კიევი მოსკოვის ნებისმიერი “მანიპულაციისთვის” მომზადებულია, ვინაიდან უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ოლექსანდრ სირსკის ცნობით, ფრონტის ხაზის რამდენიმე მონაკვეთზე რუსები შეტევებს კვლავაც აგრძელებენ.

“ამ დროისთვის, მთავარსარდლის ანგარიშის თანახმად, ფრონტის ხაზის რამდენიმე მონაკვეთზე რუსების შეტევითი ოპერაციები გრძელდება. შესაბამისად, არ არსებობს ნდობა მოსკოვისგან წამოსული სიტყვების მიმართ. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, თუ როგორ მანიპულირებს მოსკოვი და ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ. უკრაინის თავდაცვის ძალები რაციონალურად იმოქმედებენ – შესაბამის პასუხს დააბრუნებენ. ნებისმიერ რუსულ იერიშზე შესაბამისი პასუხი იქნება გაცემული”. – დაწერა ზელენსკიმ.