„ბიბლუსის“ კრეატიული დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე აცხადებს, რომ წიგნის ბიზნესი საქართველოში ცოცხალია და მას მეტი განვითარების პერსპექტივა აქვს. როგორც მან BMGTV-ს გადაცემაში #BMGDRIVE-ში აღნიშნა, სექტორი ახალ ეტაპზე გადადის, სადაც გამომცემლები სულ უფრო მეტად აცნობიერებენ პიარისა და რეკლამის მნიშვნელობას.
კრეატიული დირექტორის შეფასებით, წიგნის ბიზნესის განვითარება ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული – მათ შორის პოლიტიკურ პროცესებზე, ეკონომიკასა და დემოგრაფიაზე.
„წიგნის ბიზნესი ცოცხალია. მე ვფიქრობ, რომ მას აქვს უკეთესი პერსპექტივა. რეალურად ჩვენი წიგნის ბიზნესი დამოკიდებულია ბევრ რამეზე. პოლიტიკურ ხდომილებებზე, ეკონომიკაზე, დემოგრაფიაზე, (იმიტომ, რომ ჩვენი ენა ვრცელდება მხოლოდ ამ არეალში, რასაც ჩვენი ქვეყანა ჰქვია) და ამავდროულად, ბუნებრივია დამოკიდებულია ავტორზეც. თუ რა ტიპის ტექსტი შეიქმნება.
ნელ-ნელა აგენტების ინსტიტუტი ყალიბდება. ნელ-ნელა გამომცემლობები გრძნობენ საჭიროებას, რომ რეკლამა-პიარი აუცილებელია ტექსტისთვის და ის არანაირად არ აცლის მას საკრალურობას ან მხატვრულ ღირებულებას. რაღაც ახალ ეტაპზე გადავდივართ. ეს ბაზრობები, გამოფენები სწორედ ამის ნიშანია. გარკვეულწილად, ერთგვარი თავმოყრაა ყველაფრის. ამიტომაც, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ აქ მკაფიოდ გამართული მოცემულობა გვაქვს, რომელიც გულისხმობს, რომ გამომცემლობებს დღეს თავისი თავის შენახვა შეუძლიათ”, – ამბობს გიორგი კეკელიძე.
“ბიბლუსის” კრეატიული დირექტორის და მწერლის ცნობით, ავტორის წიგნიდან მიღებული სარგებელი ჯერჯერობით არ აისახება მის ფინანსურ მდგომარეობაზე, ვინაიდან საავტორო ხელშეკრულებები დაბალი პროცენტულობით ხასიათდება. კეკელიძე აღნიშნულს გარკვეულ რისკებს უკავშირებს, რომლის წინაშეც გამომცემლობები დგანან. “გამომცემლობა თავისთავად რისკავს, როდესაც წიგნს ბეჭდავს, მან არ იცის რა ტიპის გამოხმაურება ექნება ამ წიგნს“.
