ცენტრალური საარჩევნო კომისია [ცესკო] ადგილობრივი არჩევნების სამზადისშია. ცესკოს ინფორმაციით, „საარჩევნო ელექტრონული მოწყობილობების არსებული ბაზის შემოწმება უნდა განხორციელდეს მიმდინარე წლის აპრილ-მაისში, რადგან ამ მოცულობის სამუშაოების ჩასატარებლად ფიზიკურად აღარ არსებობს დრო წინასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო ბიზნეს-პროცესებიდან გამომდინარე“.
საარჩევნო ელექტრონული აპარატურის შემოწმებაში, ასევე დამატებით ტექნიკისა და სხვა საჭირო საქონლის შესაძენად ცესკო 2 853 928 აშშ დოლარს ტენდერის გარეშე დახარჯავს.
„საარჩევნო ელექტრონული მოწყობილობები იმყოფებოდა დალუქულ მდგომარეობაში სამართალდამცავი ორგანოების მიერ და საარჩევნო ადმინისტრაციას არ გააჩნდა მათზე წვდომა, რათა დროულად დაეწყო საარჩევნო ელექტრონული მოწყობილობების შემოწმება და არჩევნებისთვის მომზადება.
საქართველოს გენერალური პროკურატურის 2025 წლის 8 აპრილის წერილით საარჩევნო ადმინისტრაციას მიეცა მუშაობის განახლების შესაძლებლობა და აღდგა წვდომა ელექტრონულ მოწყობილობებზე“, – აცხადებს ცესკო.
შეგახსენებთ, რომ 2024 წლის ნოემბერში პროკურატურამ ვერიფიკაციის აპარატები „არჩევნების შესაძლო გაყალბებაზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში“ დალუქა, 2025 წლის იანვარში კი განაცხადა, რომ არჩევნების გაყალბება ვერ დაადგინა.
ცესკო სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წერს, რომ ახალი/დამატებითი საარჩევნო ელექტრონული მოწყობილობების მიღება და ტესტირება დაგეგმილია 2025 წლის ივლისში, ვინაიდან „მათი მიღება უშუალოდ წინასაარჩევნო პერიოდში მიზანშეუწონელია, რადგან მათი მომზადება მოითხოვს დიდ დროს, რისი შესაძლებლობაც შემდეგში აღარ არსებობს.
ლოგისტიკის პროგრამის დანერგვა უნდა მოხდეს არჩევნებამდე გაცილებით ადრე, რადგან უნდა განხორციელდეს პერსონალის ტრენინგები, ხოლო შემდგომში საარჩევნო ელექტრონული მოწყობილობების მოძრაობის აღრიცხვა უნდა განხორციელდეს აღნიშნული პროგრამის მეშვეობით.“
ცესკო შემოწმებული საარჩევნო ელექტრონული მოწყობილობების მეშვეობით არჩევნების სიმულაციის ჩატარებასაც გეგმავს.
„სატენდერო პროცედურების მეშვებით აღნიშნული საქონლისა და მომსახურების შესყიდვა მათი სპეციფიკიდან გამომდინარე გაახანგრძლივებს შესყიდვების პროცედურებს და შექმნის რისკებს, რომ 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნები ორგანიზებული იყოს სათანადო დონეზე“, – აცხადებს ცესკო.
შესყიდვების სააგენტოში გადაგზავნილი დოკუმენტების მიხედვით, ცესკო გეგმავს სხვადასხვა მოწყობილობისა და მომსახურების შესყიდვას. მათ შორის:
· ვერიფიკაციის აპარატი – 450 ცალი; თერმული ქაღალდი – 38 140 ცალი; უსაფრთხოების ლუქი – 19 370 ცალი; მეხსიერების ბარათი – 16 411 ცალი; როუტერი – 950 ცალი; ქსელის კაბელი – 4853 ცალი; ლიცენზია – 450 ცალი;
· ხმის მთვლელი ელექტრონული აპარატი – 450 ცალი; საარჩევნო ყუთი [თავსახურით] – 450 ცალი; მარკირების კალამი – 156 594 ცალი; SD ბარათი – 16 849 ცალი; უსაფრთხოებისთვის პლომბი/ლუქი – 80 373 ცალი; თერმული ქაღალდი – 9362 ცალი; უსაფრთხოების ბეჭედი/გასაღები – 3467 ცალი; მეხსიერების ბარათი – 5329 ცალი; ქსელის კაბელი – 3303 ცალი;
· PCOS Ballot Box Lid – 100 ცალი; გასაწმენდი ფურცლები 1 / Cleaning sheets Level 1 – 33 932 ცალი; გასაწმენდი ფურცლები 2 / Cleaning sheets Level 2 – 33 932 ცალი; ლიცენზია – 450 ცალი;
· მიმწოდებელი კომპანიის სერვისი/მომსახურება კერძოდ, ვენდორი კომპანიის წარმომადგენელთა ჩამოსვლა, ექსპერტთა მხარდაჭერა ადგილზე, ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების ტექნიკური შემოწმება, ხარვეზების აღმოფხვრა, საბოლოო ტესტირება და გამოსაყენებლად გამზადება.
· პროგრამული უზრუნველყოფა – სმარტმატიკის ლოგისტიკის პროგრამა WPMS / Smartmatics Logistics Software WPMS and Helpdesk.
2025 წლის 15 აპრილით დათარიღებულ წერილში კომპანია Smartmatic-ი მადლობას უხდის ცესკოს მათი გუნდის ნდობისთვის და პროდუქტების მიწოდებასთან ერთად უდასტურებს „უწყვეტ ვალდებულებას მხარი დაუჭიროს ცესკოს 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ბიულეტენების დათვლისა და ამომრჩეველთა გადამოწმების სისტემის წარმატებით გამოყენებაში.“
თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადების პარალელურად, ხელისუფლება/ცესკო ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ არჩევნები იმაზე უარეს გარემოში ჩაატარონ, ვიდრე საპარლამენტო არჩევნები ჩაატარეს.
2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ოპოზიციამ რუსულ სპეცოპერაციად შეაფასა და პარლამენტში არ შევიდა. ოპოზიცია ასევე აცხადებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებას აზრი არ აქვს და ითხოვს ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას – ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში.
საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, V-Dem-ის (Varieties of Democracy) დემოკრატიის ანგარიშის თანახმად, საქართველო საარჩევნო ავტოკრატია გახდა. 2024 წელს საქართველოსთან ერთად საარჩევნო ავტოკრატიად იქცნენ ინდონეზია და სალვადორის რესპუბლიკა.
ახალი არჩევნების მოთხოვნით მასშტაბური პროტესტი 2024 წლის 28 ოქტომბრიდან უწყვეტად მიმდინარეობს თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში.
2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები ევროკავშირის წევრმა მხოლოდ ერთმა სახელმწიფომ, უნგრეთმა აღიარა. პარლამენტი კი საქართველოს კონსტიტუციის დარღვევით შეიკრიბა.
პროტესტი გამწვავდა 2024 წლის 28 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც „ოცნების“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლის ბოლომდე აჩერებს.
2024 წლის 28 ნოემბრიდან დღემდე ათასობით ადამიანი გამოდის საპროტესტო აქციებზე თბილისში, ბათუმსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. მთავარი მოთხოვნა პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლება და ახალი არჩევნების დანიშვნაა.
წყარო: “ბათუმელები”
