აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პარასკევს, 18 აპრილს განაცხადა, რომ უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების მოლაპარაკებები “კულმინაციას უახლოვდება”, თუმცა ახლა მთავარია, პროცესი რომელიმე მხარემ არ გაართულოს:
„დღეების რაოდენობა არ არის განსაზღვრული, მაგრამ ჩვენ გვინდა ამის გაკეთება სწრაფად… თუ რაიმე მიზეზით ერთ-ერთი მხარე ძალიან გაართულებს, ჩვენ ვეტყვით მათ, სულელელბი ხართ, ეს სისულელეა და გვერდზე გავდგებით“, – განუცხადა ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს.
კითხვაზე, აჭიანურებს თუ არა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მოლაპარაკებებს, ტრამპმა უპასუხა: „იმედი მაქვს, არა“.
მისი თქმით, მოლაპარაკებების გასაგრძელებლად ორივე მხრიდან “ომის დასრულების ნამდვილი სურვილი” უნდა იყოს. “ვფიქრობ, დიდ შანსს ვხედავთ, რომ ეს საქმე დასრულდეს. ახლა ყველაფერი კულმინაციას აღწევს,” – აღნიშნა პრეზიდენტმა.
ცოტა ხნით ადრე, პარასკევს, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ თქვა, რომ ვაშინგტონი დაასრულებს შუამავლობას რუსეთსა და უკრაინას შორის, თუ რამდენიმე დღეში არ გახდება ცხადი, რომ სამშვიდობო შეთანხმება შეიძლება მალე მიიღწეს.
სახელმწიფო მდივნის განცხადებით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკვე 87 დღეა ყველაზე მაღალ დონეზე მიმართავს ძალისხმევას ომის დასასრულებლად და დადგა მომენტი, როცა უნდა გადაწყვიტონ, შესაძლებელია თუ არა ამის მიღწევა.
მარკო რუბიოს თქმით, უკრაინის ომი საშინლებაა, მაგრამ ის არ არის ამერიკის ომი, შეერთებული შტატები უკრაინას სამ წელზე მეტხანს ეხმარებოდა და სურს, რომ ეს ყველაფერი დასრულდეს.
რუბიომ ეს განცხადება გააკეთა პარიზიდან გამგზავრებამდე, უკრაინის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ, სადაც სწორედ უკრაინაში ომის დასრულების გზები განიხილებოდა.
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მცდელობებს, უკრაინაში ომი დაასრულოს, რეალური შედეგი ჯერჯერობით არ მოჰყოლია.
უკრაინასა და აშშ-ს შორის საუდის არაბეთში 11 მარტს გამართული მოლაპარაკების შედეგად უკრაინა დასთანხმდა ვაშინგტონის წინადადებას 30-დღიანი ზავის შესახებ. რუსეთს ამ შეთანხმებაზე თანხმობა არ უთქვამს.
აშშ-ის წარმომადგენლებმა უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლებთან საუდის არაბეთში მოლაპარაკებები გამართეს 23-25 მარტსაც. თეთრმა სახლმა გამოაცხადა, რომ შეთანხმდნენ შავ ზღვაში უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველყოფაზე, ძალის გამოყენების აღმოფხვრასა და კომერციული გემების სამხედრო მიზნებით გამოყენების აღკვეთაზე.
თავის მხრივ, კრემლმა განაცხადა, რომ შავ ზღვაში ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ძალის გამოუყენებლობის პუნქტი ამოქმედდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც გაუქმდება რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების ნაწილი.
ფორუმი
