არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმაურებიან „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების განცხადებებს საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეწყვეტის შესაძლებლობასთან დაკავშირებით.
არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ეს განცხადებები აღმაშფოთებელია და ცხადყოფს, რომ „ქართული ოცნება“ თავად აცნობიერებს, რომ მათი ქმედებებისა და პოლიტიკის შედეგად საქართველოს ევროპულ მომავალს სერიოზული საფრთხე ექმნება.
„სწორედ ამიტომ ცდილობენ, გაამართლებინონ საზოგადოებას ის, რასაც თავად ემსახურებიან. საქართველოს ევროპული პერსპექტივის ნგრევა გაამართლონ და გააუფასურონ. იმ დროს, როდესაც ქართული სამოქალაქო საზოგადოება, ხალხის დაკვეთის შესაბამისად, წლებია იბრძვის საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის, კანდიდატის სტატუსის და ვიზალიბერალიზაციის მისაღწევად, „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად აყენებს საფრთხის ქვეშ ამ მიღწევებს. მათთვის მთავარი საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებაა – თუნდაც ვიზალიბერალიზაციის გაუქმების ფასად“, — ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.
მეორე მხრივ, არასამთავრობოების განცხადებით, სულ უფრო თვალსაჩინო ხდება, რომ ევროკავშირთან ურთიერთობების გაფუჭება და ქართველებისთვის ევროპაში თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა არა ქართველი ხალხის, არამედ რუსეთისა და ივანიშვილის რეჟიმის ინტერესშია.
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების პოზიციაა, რომ საერთაშორისო პარტნიორებმა უნდა მიმართონ სანქციები არა ქართველი ხალხის, არამედ იმ პირების მიმართ, ვინც ემსახურება არაკონსტიტუციური კანონების მიღებას, რეპრესიებსა და საქართველოს ევროპული კურსის მხარდამჭერი ჯგუფების დევნას.
„თუმცა, როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ თავისი პოლიტიკითა და ანტიდასავლური პროპაგანდით ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ევროკავშირმა ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება სწრაფად მიიღოს, რითაც ქართველი ხალხი უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდება. რეჟიმი ცდილობს გაექცეს პასუხისმგებლობას პროპაგანდისტული მეთოდების გამოყენებით. მათ ზუსტად იციან, უვიზო მიმოსვლის გაუქმების აღდგენას ბევრი წელი დასჭირდება. დასავლელმა პარტნიორებმა უკვე გააუქმეს უვიზო რეჟიმი ოცნების მაღალი თანამდებობის პირებისთვის – მათ შორის, დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებისთვის, ბევრს კი – პირდაპირ აუკრძალეს კონკრეტულ ქვეყნებში შესვლა. ახლა ივანიშვილის „ოცნებას“ იგივე ბედი სურს ქართველი ხალხისთვის“, — ნათქვამია განცხადებაში.
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რათა ეს არ მოხდეს.
განცხადებას ხელს აწერს 25 ორგანიზაცია:
· საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო
· ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
· ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
· სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის
· ღია სივრცე კავკასია
· გარემოსდაცვითი სათემო ორგანიზაცია- ეკო
· საქართველოს ევროპული ორბიტა
· სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“
· პრევენცია პროგრესისთვის
· ყვარლის ევროკლუბი
· ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
· საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო ურთიერთობის კვლევის ფონდი.
· ევროპის ფონდი
· კანონის უზენაესობის ცენტრი
· სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
· საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
· შშმ პირთა ინტეგრაციისა და განვითარების ასოციაცია „ჰანგი“
· სამოქალაქო სოლიდარობის ფონდი
· დემოკრატიის მცველები
· ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI)
· საფარი
· საქართველოს სასამართლოს გუშაგი
· სამოქალაქო საზოგადოების ფონდი
