ექსმინისტრი იმედოვნებს, რომ ვიზალიბერალიზაციაზე “ოცნების” პროპაგანდა არ იმუშავებს

„ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო საზოგადოების შემზადება ახალი პროპაგანდისტული მესიჯის გავრცელებით:„ქართველი კაცის პატრიოტიზმი ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლაზე არ გაიცვლება“, რისი მიზეზიც, ჩემდა სამწუხაროდ, შეიძლება უვიზო მიმოსვლის შეჩერების რეალური საფრთხე იყოს, — წერს საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი (2015-2018) მიხეილ ჯანელიძე.
ჯანელიძე ამბობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ბევრი პროპაგანდისტული გზავნილის გატანა შეძლო, თუმცა იმედოვნებს, ეს ბოლო მესიჯი მაინც არ იმუშავებს.
„ქართული ოცნება“ ამ მესიჯით შეურაცხყოფას აყენებს მთლიანად საქართველოს და მიიჩნევს, რომ ხალხი ბრბოა და ნებისმიერ პროპაგანდისტულ მესიჯს მიიღებს. როგორ შეიძლება საქართველოს მოქალაქემ დაიჯეროს, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლით, თურმე ევროკავშირი სარგებლობს და არა საქართველო და ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა უკავშირდება ანტიეროვნული და ანტიქრისტიანული პოლიტიკის გატარებას საქართველოში“, — კითხულობს ჯანელიძე.
მიხეილ ჯანელიძე ჩამოთვლის, რა სიკეთეები მოუტანა საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის/შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლამ:
· უკანონო მიგრაციის გამო წლობით დაშორებული ოჯახები გაერთიანდნენ, შვილები წლების მანძილზე უნახავ დედებს შეხვდნენ;
· ათიათასობით ადამიანმა შეძლო სასიცოცხლო სამედიცინო დახმარების მიღება;
· ათიათასობით ადამიანმა ისარგებლა ლეგალური დროებითი მიგრაციითა და დასაქმებით;
· ათიათასობით სტუდენტმა და აკადემიური სფეროს წარმომადგენელმა, ისარგებლა დროებითი გაცვლითი პროგრამებით, კონფერენციებითა და სხვა აკადემიურ/საგანმანათლებლო ღონისძიებებით;
· მცირე და საშუალო ბიზნესმა ისარგებლა გამოფენებსა და სხვა ბიზნეს ღონისძიებებში მონაწილეობით;
· ბევრმა მოქალაქემ ისარგებლა ტურისტული მოგზაურობით, სანუკვარი ოცნებები აისრულეს.
„მახსოვს, ვიზალიბერალიზაციის მიღების შემდეგ, რეგიონებში საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, ერთ-ერთ შეხვედრაზე მოქალაქის მიერ დასმული კითხვა: „100 ევრო მაქვს დანაზოგი და „ვიზეარით“ მილანში რომ ჩავფრინდე, მილანი ვნახო და იმავე რეისით უკან დავბრუნდე, თუ შეიძლებაო?“ ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის შედეგად, რეალურად გაჩნდა საბჭოურ მეხსიერებაში დალექილი 30-მანეთიანი მოსკოვის ბილეთების ალტერნატივა, და ეს ყველაზე მეტად აღიზიანებს ოკუპანტ რუსეთს“, — წერს ჯანელიძე.
ის იხსენებს ს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერ ს განცხადებას, რომ რომ საქართველოსთვის რუსეთი საკვანძო ბაზრად რჩება ბევრი მიმართულებით, კერძოდ ღვინის პროდუქციის მხრივ, ხილეულის მხრივ. მეორე მხრივ, რუსეთი საქართველოში ენერგეტიკისა და მარცვლეულის წამყვანი მიმწოდებელია.
„მათი მიზანია, რომ ჩვენ სრულად დამოკიდებული გავხდეთ რუსეთზე, ისევე როგორც ეს იყო 2 საუკუნის მანძილზე და ამ მიზნის მიღწევაში მათ პირდაპირ ეხმარება „ქართული ოცნება“. ძვირფასო „ქართული ოცნების“ მომხრეებო, კიდევ ერთხელ მოგმართავთ პატივისცემით და თხოვნით, კარგად გაიაზროთ რა მდგომარეობამდე მიგვიყვანა ამ უგუნურმა შიდა თუ საგარეო პოლიტიკამ და რა პერსპექტივას ისახავთ წინ თქვენთვის და თქვენი შვილებისთვის. მე ნამდვილად არ მაქვს ისეთი წარმოდგენა თქვენზე, რომ ამ რეალობას და პერსპექტივას ვერ აფასებდეთ“, – მიმართავს მიხეილ ჯანელიძე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლები არ გამორიცხავენ, ევროკავშირმა უვიზო მიმოსვლა შეუჩეროს საქართველოს და ვიზალიბერალიზაციის მნიშვნელობის დაკნინებას ცდილობენ.