“დავინახავთ, როგორ შემობრძანდებიან პარლამენტში” – სოზარ სუბარი გახარიას პარტიაზე

ხალხის ძალის” წევრი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ თუ გიორგი გახარიას პარტიის წევრები პარლამენტში არ შევლენ, მათ მიმდინარე წლის მაისში მანდატებს შეუწყვეტენ.
როგორც სუბარმა “რადიო სივრცეში” სტუმრობისას განაცხადა, არსებული წესის მიხედვით, როდესაც მანდატის მქონე დეპუტატი პარლამენტში გააცდენს მორიგი, ანუ საგაზაფხულო სესიის ნახევარზე მეტს, პარლამენტს აქვს უფლებამოსილება, რომ მას მანდატი გაუუქმოს.
“თქვენი ეთერიდან ვიძლევი პირობას, რომ მათ მანდატებს შევუწყვეტთ!”, – განაცხადა სუბარმა.
ის დარწმუნებულია, რომ გახარიას პარტია ამის გამო პარლამენტში შევა.
შემოსვლა ახლაც უნდათ, მაგრამ ეშინიათ დანარჩენი ოპოზიციის ბულინგის. აი, როგორც მე თქვენ გიყურებთ, ისე დავინახავთ, როგორ შემობრძანდებიან პარლამენტში”,-აცხადებს სუბარი.
გიორგი გახარიას პარტიას პარლამენტში 12 მანდატი ეკუთვნის. თუმცა გახარია არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და პარლამენტში არ შედის. აღსანიშნავია ისიც, რომ გახარიას პარტიას მანდატებზე გაუქმების მოთხოვნით პარლამენტისთვის არ მიუმართავს, შესაბამისად სხვებისგან განსხვავებით მათი მანდატები გაუქმებული არ არის.