ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ბრალდებას ეხმაურება და რუსეთ-უკრაინის ომის რომელიმე მხარისთვის ლეტალური იარაღის მიწოდებას უარყოფს.
„ჩინურ მხარეს არასდროს მიუწოდებია ლეტალური იარაღი კონფლიქტში მონაწილე არცერთი მხარისთვის და მკაცრად აკონტროლებს ორმაგი დანიშნულების პროდუქტებს“, – განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ლინ ძიანმა.
მისი თქმით, უკრაინის საკითხთან დაკავშირებით პეკინის პოზიცია თანმიმდევრული და ნათელია.
„ჩვენ ყოველთვის აქტიურად ვცდილობდით საომარი მოქმედებების შეწყვეტას და სამშვიდობო მოლაპარაკებებს“, – განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, ჩინეთი რუსეთს იარაღს აწვდის. ზელენსკიმ დეტალები არ დააკონკრეტა, თუმცა განაცხადა, რომ კიევი მზადაა, ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით დეტალურად ისაუბროს.
