სალიზინგო კომპანიას პირველ წელს 0.6% გადახდა უწევს, რაც შეღავათია, თუმცა კანონმდებლობა ნივთის ცვეთას არ ითვალისწინებს და გადასახადი წლების შემდეგაც იგივეა – ვლადიმერ გიორგაძე

სალიზინგო კომპანიას პირველ წელს 0.6% გადახდა უწევს, რაც შეღავათია, თუმცა კანონმდებლობა ნივთის ცვეთას არ ითვალისწინებს და გადასახადი წლების შემდეგაც იგივეა – ვლადიმერ გიორგაძე
სალიზინგო სექტორის წარმომადგენლები განცხადებით, სალიზინგო ბაზარი დღეს სხვა კომპანიებისგან და ფიზიკური პირებისგან განსხვავებული წესით იბეგრება, რაც სექტორს გარკვეულწილად არაკონკურენტულ მდგომარეობაში აყენებს. საუბარია, ქონების გადასახადის დაანგარიშების სხვანაირი პრინციპზე, რომელიც BDO-ს საგადასახადო მენეჯერის, ვლადიმერ გიორგაძის ინფორმაციით, თავად სალიზინგო კომპანიებთან შეთანხმებით იყო დადგენილი.
გიორგაძე „კომერსანტთან“ განმარტავს, რომ კონკრეტულ შემთხვევებში შესაძლოა, მეწარმეს ლიზინგით მიღებული ქონების გადასახადი უფრო მეტ ტვირთს უქმნიდეს, თუმცა ამ ხარჯების ადმინისტრირება შესაბამისი ფორმულებითა და დათვლის პრინციპით, პრობლემას არ წარმოადგენს.
„რამდენიმე წლის წინ სალიზინგო კომპანიების მოთხოვნით შეიცვალა კანონმდებლობა; ანუ თუ კომპანიის შემოსავლების 70%-ზე მეტი ლიზინგით არის წარმოქმნილი; მათთვის ქონების გადასახადის დაბეგვრის განსხვავებული წესი მოქმედებს. თუ გადასახადების ჩვეულებრივი გადამხდელი 1%-მდე იხდის, სალიზინგოები 0.6%-ს იხდიან, ოღონდ სალიზინგო შენაძენის ღირებულებიდან. სალიზინგო კომპანიების და სხვა კომპანიების ქონების გადასახადის სქემა ერთმანეთისგან პრინციპულად განსხვავდება.
საწყის ეტაპზე სალიზინგო კომპანიებს უფრო ნაკლების გადახდა უწევს, მაგალითად; თუ სხვა კომპანია პირობითად, 100 ლარად შეიძენს ქონებას, მას 1%-ის, ანუ 1 ლარის გადახდა უწევს, თუმცა სალიზინგო კომპანიას პირველ წელს 60 თეთრის(0.6%) გადახდა უწევს, რაც მათთვის პირველი სამი წლის განმავლობაში დიდი შეღავათია. განსხვავება ისაა, რომ მესამე წელს ჩვეულებრივ კომპანიას ცვეთის გათვალისწინებით გადასახადი უმცირდება( თუ პირობითად 100 ლარიანი ნივთი მესამე წელს 50 ლარიანი გახდება, 50 ლარის 1%-ს იხდიან). სალიზინგო კომპანია კი ისევ საწყისი ღირებულებიდან იხდის 0.6%-ს.
უბრალოდ, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, სალიზინგო კომპანიები ნივთის საფასურში ითვალისწინებენ ამ ფასს და მომხმარებელს მეტის გადახდა უწევს. თუ ნაკლები გადასახადი იქნება, მათი ბიზნესისთვის გადასახადები შემცირდება.
რაც შეეხება ადმინისტრირებას, ეს ყველაფერი ჩვეულებრივად დათვლადია და სპეციალური ფორმულები არსებობს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სალიზინგო კომპანიები ძირითადად ავტოლიზინგზე მუშაობს და როცა ლიზინგით 10 000-მდე მანქანაა აღებული თითოეულზე სათითაოდ უნდა დაითვალოს გაცემის წელი, ვადა და ამის მიხედვით თითოეულ მანქანაზე ითვლება გადასახადი; შესაძლოა ამის ადმინისტრირება მიმღებზე რომ გადაიტანონ ბევრად გამარტივდეს“,- აღნიშნა ვლადიმერ გიორგაძემ „კომერსანტთან“ ინტერვიუში.