The Cone Culture ზაფხულამდე 2 ფილიალის დამატებას გეგმავს
The Cone Culture ზაფხულამდე 2 ფილიალის დამატებას გეგმავს. როგორც ნაყინის მწარმოებელი კომპანიის მენეჯერმა ქეთი მიქაშავიძემ “ბიზნესპარტნიორთან” განაცხადა, ერთ-ერთი ფილიალი თბილისში, საბურთალოზე იქნება.
მისივე ინფორმაციით, ფილიალების დამატების გარდა, კომპანია მიმდინარე წელს საწარმოს განახლების პროექტს განახორციელებს. ქეთი მიქაშავიძის ცნობით, გაფართოების პროექტის ფარგლებში ჯამური ინვესტიცია დაახლოებით, 20 000 ლარს შეადგენს, რაც ახალი სივრცეების მოწყობასა და ტექნოლოგიური შესაძლებლობების გაძლიერებას მოხმარდება.
“ნაყინის ბიზნესი ბუნებრივად საკმაოდ სეზონურია და გაყიდვების ძირითადი წილი ზაფხულზე მოდის. თუმცა ზამთრის პერიოდსაც განსაკუთრებული ყურადღებით ვეკიდებით და შეიძლება ითქვას, რომ ამ სეზონზე მიღწეულ შედეგებს ოპტიმისტურად ვაფასებთ.
ზამთარში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაყიდვები დაახლოებით, 20%-ით გაიზარდა, რაც ჩვენთვის იმის მტკიცებულებაა, რომ ბრენდის მიმართ ნდობა და ინტერესი იზრდება. ახლა მთელი გუნდი ზაფხულის სეზონისთვის ემზადება და გვაქვს მოლოდინი, რომ 2025 წლის ზაფხული იქნება The Cone Culture-ისთვის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული.
The Cone Culture-ს ამ ეტაპზე ორი ფილიალი აქვს თბილისში: ჩვენი მთავარი სივრცე მდებარეობს შევჩენკოს 5-ში, ხოლო მეორე წერტილი — ბაზარი ორბელიანზე, ქალაქის ისტორიულ ცენტრში. აქტიურად იყიდება ჩვენი პროდუქცია მიტანის სერვისებშიც – Wolt, Glovo და Bolt Food.
გაფართოებაც უკვე აქტიურად მიმდინარეობს: ვახორციელებთ საწარმოს განახლებას, რომელიც აღიჭურვება ე.წ. show kitchen-ის კონცეფციით – სტუმრებს საშუალება ექნებათ პირდაპირ დაინახონ ნაყინის წარმოების პროცესი, რაც გვჯერა, მომხმარებელთან კავშირის კიდევ უფრო გაღრმავებას შეუწყობს ხელს”, – აცხადებს ქეთი მიქაშავიძე.
ცნობისთვის, The cone culture ice cream ნაყინის მწარმოებელი კომპანიაა, რომელსაც 5 წლიანი წარმოების ისტორია აქვს. კომპანია მომხმარებელს ნაყინის ფართო ასორტიმენტსა და ორცხობილებს სთავაზობს – კერძოდ, 300-მდე გემოს ნაყინს. კომპანიას ამ ეტაპზე თბილისში ორი ფილიალი აქვს: შევჩენკოსა და ვეკუას ქუჩებზე.
