ლაგოდეხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მოქალაქეს ქონებას იძულების წესით ჩამოართმევენ. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილის ბრძანებაშია აღნიშნული.
საუბარია საზოგადოებრივი საჭიროებისათვის აუცილებელი პროექტის განხორციელებაზე, რომლის ფარგლებშიც, მოქალაქის კუთვნილ მიწას ექსპროპრიაციის (საკუთრების ძალადობრივი ჩამორთმევა სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებით) უფლება საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭა.
„გადაწყვეტილება შეეხება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (მ43) თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის სამუშაოების პროექტს, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. მდინარე კაბალზე არსებული სახიდე გადასასვლელი სავარაუდოდ აგებულია გასული საუკუნის 60-იან წლებში. ხიდის გამოკვლევის პროცესში დაფიქსირდა შემდეგი დეფექტები და დაზიანებები: გამორეცხილია ბურჯის საძირკველი, დაწეულია სავალი ნაწილის ცალი მხარე, მთლიანად დანგრეულია №1 სანაპირო ბურჯის მისასვლელი ყრილის კონუსი და მიმდებარე სარეგულაციო ნაგებობები, გამოფიტულია სანაპირო და შუალედი ბურჯების ბეტონი და სხვ. ასეთ მდგომარეობაში არსებული ხიდის ექსპლოატაცია მიზანშეწონილი არ არის“, – ვკითხულობთ მინისტრ დავითაშვილის მიერ ხელმოწერილ ოფიციალურ დოკუმენტში.
საპროექტო გეგმის მიხედვით, სამუშაოს არეალში მოექცა სეიმურ ამირასლანოვის საკუთრებაში არსებული ლაგოდეხის რაიონ სოფელ დონაში მდებარე 3 265 კვ. მ სასოფლო-სამეურნეო (საძოვარი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომლის გამოსყიდვის თაობაზე სახელმწიფომ ამირასლანოვთან შეთანხმებას ვერ მიაღწია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ქონების ეს კონკრეტული ნაწილი ექსპროპრიაციას დაექვემდებარება.