პოლიციელმა მირიან ქავთარაძემ სასამართლო შენობა ხმაურის ფონზე დატოვა.
ის სასამართლოში „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული საბა სხვიტარიძის სასამართლო პროცესზე დაზარალებული მოწმის სტატუსით იყო წარმოდგენილი.
გამოკითხვის შემდეგ ბრალდებულის ახლობლებმა და გულშემატკივრებმა მირიან ქავთარაძე შეძახილების ფონზე გააცილეს, რასაც მანდატურებსა და სხდომაზე დამსწრე პირებს შორის შეხლა-შემოხლა მოჰყვა.
ცნობისთვის, საბა სხვიტარიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით გულისხმობს.
სახელმწიფო ბრალდების განმარტებით, სხვიტარიძის ქმედების შედეგად სამართალდამცავმა ფიზიკური დაზიანება მიიღო, კერძოდ კი, მას თავი ჰქონდა გატეხილი.
აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
